რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერალურმა საბჭომ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „ექსტრემისტულად“ გამოცხადებული ორგანიზაციების წევრებს და მხარდამჭერებს, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. შედეგად ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული პირებისთვის, საჯარო სამსახურის დაკავება შეუძლებელი ხდება.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პალატამ 2 ივნისს განიხილა, ორგანიზაციების, რომელიც ექსტრემისტულად ან ტერორისტულად ფასდება, ლიდერები და დამფუძნებლები არჩევნებში მონაწილეობას 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებენ.
ორგანიზაციის სხვა წევრებს და თანამშრომლებს კი საჯარო სამსახურში მსახურება სამი წლით ეკრძალებათ. საკანონმდებლო წინადადებას ახლა პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერა სჭირდება, რათა კანონად იქცეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს.
ასევე ნახეთ: ნავალნის და მის მოკავშირეებს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა კანონით აეკრძალოთნაბიჯის მიზანი, ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდისთვის“ მუშაობის შეზღუდვაა. ფონდის „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სიაში შეყვანას, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცდილობენ. ორგანიზაცია, სხვა კანონით, უკვე გამოცხადებულია „საგარეო აგენტად“. კანონპროექტი რეტროაქტიულად მოქმედებს და ინდივიდის უფლებას ზღუდავს, - ამბობენ მიმომხილველები.
რუსული სახელმწიფო სამსახურები, არჩევნების წინ, რომელშიც გამოკითხვების მიხედვით მმართველ „ერთიანი რუსეთის“ პარტიას ისტორიულად დაბალი რეიტინგი აქვს, ზეწოლას ზრდიან. ნავალნის რეგიონული ოფისები ე.წ. „ჭკვიანი ხმის მიცემის“ სტრატეგიის ავტორები იყვნენ, რომელიც იმ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა ადგილზე ამომრჩეველს, ვისაც უფრო დიდი შანსი ჰქონდა დაემარცხებინა „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი.
ასევე ნახეთ: რუსული ოპოზიციის ბრძოლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგნავალნი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ის იანვარში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. გერმანიაში ნავალნი გასულ აგვისტოში, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის პუტინს ბრალს მისი მკვლელობის მცდელობაში დებს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ქვეყანაში მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. მისი გუნდის ბევრმა წევრმა დაკავების და დევნის შიშით ქვეყანა დატოვა.