გაერომ და წითელმა ჯვარმა სირიიდან კიდევ 500 ადამიანი გამოიყვანა

ნატოს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ სირიაში ვითარება თითქმის ორი თვის მანძილზე მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, საკმაოდ დაძაბულია. მაგრამ მაინც, ეს კრიზისის დარეგულირების საუკეთესო შანსია. შეთანხმება ძალაში თებერვლის ბოლოს შევიდა, რის შემდეგაც საბრძოლო ქმედებები ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა. თუმცა, დარღვევები ორივე მხრიდან ფიქსირდება. სტოლტენბერგმა განცხადება ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასობაში გაერომ და სირიის წითელმა ჯვარმა სირიიდან ალყაში მყოფი 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ჯგუფში დაჭრილები და სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე სირიელები არიან. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის დასახლებებში როგორც სამთავრობო ძალებმა, ასევე ამბოხებულებმა ალყაში რამდენიმე ქალაქი მოაქციეს.