ბრუსელის სამიტის შედეგები საქართველოსთვის

ნატოს სამიტზე ბრუსელში საქართველო ახალი და მნიშვნელოვანი წინადადებების პაკეთით არ წარმსდგარა დასავლელი პარტნიორების წინაშე, შესაბამისად, არც მიუღია არაფერი განსაკუთრებული. საქართველოს პირველ პირს, ახალ პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს დღეს „უფრო მნიშვნელოვანი“ საქმე ჰქონდა, მან მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. ბრუსელში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იანს სტოლტენბერგს. ბრუსელში ნატოს–საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა:
„რა არის უმნიშვნელოვანესი ამ დეკლარაციაში? პირველი ის, რომ აღიარებულია ნატოს წევრი ყველა, 29 წევრი ქვეყნის მიერ, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად, ნათლად განსაზღვრულია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მესამე მომენტი: მანამ, სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მხარდაჭერისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე თანხმდებიან ნატოს წევრი ქვეყნები.“
ნატოს გენერალური მდვივნის განცხადებით: საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად განვიხილეთ ერთობლივი წუხილი, რაც ეხება რუსეთის მხრიდან სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხეს. შევთანხმდით, განვაგრძოთ მუშაობა საქართველოს მოსამზადებლად ნატო- წევრობისთვის. ასევე გავაგრძელებთ მხარდაჭერასა და დახმარებას კრიზისების მართვაში, წვრთნასა და სამხედრო მომზადებაში. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში. ჩვენ ვრჩებით ადრინდელ გადაწყვეტილებაზე, რაც ეხება უკრაინის მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი. ველით პროგრესს უკრაინაში რეფორმების მიმართულებით და გავაგრძელებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან ქვეყანა აქტიური კონფლიქტის წინაშეა.
​„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მკვლევარები საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ამისთვის გარკვეული ობიექტური მიზეზების არსებობასაც აღიარებენ. რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე ამერიკის ხმასთან აცხადებს:
„სამიტზე შედეგი საქართველოსთვის არის უფრო უარესი, ვიდრე ნულოვანი. ნულოვანი იქნებოდა, უბრალოდ, რომ ეთქვათ ნატოს წარმომადგენლებს, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი ოდესღაც. შედეგი უარესია, რადგან გაწევრიანებისთვის კვლავ სავალდებულო რჩება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). სამწუხაროდ, ეს შედეგი არის მეტ–ნაკლებად ადექვატური იმისა, როგორც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში. ამერიკელი კოლეგებისგან ვიცი, რომ საქართველოს განსაკუთრებული მონდომება არ ემჩნევა (ოდნავადაც არ ეხება ეს კრიტიკა ჩვენს დიპლომატებს). მით უმეტეს, ნატოში ისედაც მიმდინარეობს პროცესები, რის ფონზეც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გამოვლენაა საჭირო, რაც არ შეიმჩნევა. ჩვენზე უფრო მეტად არავინ მოინდომებს ჩვენს გაწევრიანებას ალიანსში.“
გიორგი ბადრიძე იმის შესახებაც საუბრობს, რომ ამ ეტაპზე ვითარება საერთაშორისო სივრცეში, ასევე თავად ალიანსში საქართველოს მხარდამჭერების მობილიზებისთვის არც თუ ხელსაყრელია: „სამართლიანი რომ ვიყო, უნდა ვთქვა, რომ არ იყო გარანტირებული,ხელისუფლების უფრო აქტიური მოქმედებების შემთხვევაში, აუცილებლად პოზიტიური შედეგის მიღება, მაგრამ იმგვარმა პასიურობამ, რომელიც თვალსაჩინოა ყველასთვის, გარანტირებული გახადა ის, რომ ჩვენ რაიმე შედეგს ვერ მივაღწიეთ. ეს არის გაგრძელება პოლიტიკისა, რაც 2012 წელს ჩამოყალიბდა და რასაც ჰქვია „არ გავაღიზიანოთ რუსეთი.“
ვანო აბრამაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმასთან აცხადებს: „ამ სამიტზე რიტორიკის გარდა არაფერი არ შეგვითავაზებია კონკრეტული. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიეთ. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას ნატოსგან და ალიანსი უნდა იყოს უფრო გაბედული... ნატომ ჩვენთვის, უკრაინისთვის ვერ მოიცალა. შიდა დაპირისპირებები, განხეთქილებები, აშშ–ს დამოკიდებულება ნატოს დანარჩენი წევრების მიმართ და თავდაცვისკენ მიმართული ხარჯების გაზრდაზე მინიშნება ბრუსელში წამყვანი თემა იყო. მაკედონიის გაწევრიანების საკითხი დაჩრდილა კიდეც ამ დავებმა. საქართველოს გაწევრიანების საკითხი ნატოში გეოპოლიტიკური ფონის შეცვლაზეა დამოკიდებული და ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ ბრუსელში, არამედ თავად ნატოს წევრ ქვეყნებთან, რომლებიც არ ეთანხმებიან საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში.“
ნატოს ბრუსელის სამიტზე მნიშვნელოვანი და ისტორიული განაცხადი გაკეთდა მაკედონიისთვის, რომელიც ალიანსმა უკვე მიიწვია მოლაპარაკებებზე, სადაც კონკრეტული საკითხები განიხილება უშუალო გაწევრიანების შესახებ.