ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 28 ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. ისინი ავღანეთს გარდამავალ პერიოდში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში ფართო მხარდაჭერას აღუთქვამენ. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის პასუხისმგებლობების გადაცემაში წამყვანი როლის მინიჭება მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაწყდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ომის დასრულების და 2014 წლამდე ალიანსის საჯარისო ფორმირებების ავღანეთიდან გაყვანის გეგმის მეგზური უწოდა.
“რა თქმა უნდა ამით ავღანეთის ყველა პრობლემა არ გვარდება და ეს არც ჩვენი პარტნიორობის დასასრულს მოასწავებს. მთავარია, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის განხორციელებაში, ანუ ალ-ყაიდას დამარცხების და ავღანელებისთვის საკუთარ ფეხზე მყარად დადგომაში დახმარების საქმეში, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნატოს წევრი ქვეყნები ავღანური სამხედრო შენაერთების წვრთნისთვის აუცილებელ თანხებზე მსჯელობენ. 2014 წლის შემდეგ დახმარების ბიუჯეტი საშუალოდ 4 მილიარდზე ოდნავ მეტი იქნება და ის უსაფრთხოების მდგომარეობის მიხედვით ყოველწლიურად გადაისინჯება.
პრეზიდენტი ობამა ჩიკაგოში პაკისტანელ კოლეგას, ასიფ ალი ზარდარსაც შეხვდა, რომელიც ნატოს სამიტზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებით, პოზიტიური ძვრები აღინიშნა პაკისტანის მიერ შარშან გადაკეტილი ნატოს მომარაგების მარშრუტების აღდგენის საკითხებშიც.
პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი „სერიოზულ გაუმჯობესებას“ თალიბთა გამაგრებების გაუვნებელყოფის საქმეში. რაც მისი თქმით, საინვესტიციო რესურსებს მიმართულებას შეუცვლის და მათი ქვეყნის შიგნით გადანაწილებას შეუწყობს ხელს:
“როგორც კი ავღანეთში შეიძლება არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც -სტაბილურობის- გარანტია გვექნება, ჯარებს თანდათან გამოვიყვანთ და საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობას შევუდგებით. ეს ყოველივე ავღანეთიდან გამოთავისუფლებული გიგანტური ინვესტიციების სამშობლოში დაბანდების დაწყების საშუალებას მოგვცემს“.
ჩიკაგოს სამიტზე გადაწყვეტილებები ნატოს მომავლის და უსაფრთხოების ახალი კერების გაჩენის შემთხვევაში მისი სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცების თაობაზეც მიიღეს. ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ეს თემა თავდაცვის სტრაგიების და რესურსების გაზიარების საკითხებსაც მოიცავდა:
„თავდაცვაში ინვესტიციების შესახებ ეფექტური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მკაცრი ეკონომიკური პირობების მიუხედავად 21-ე საუკუნის გამოწვევებთან დაკავშირებით პარტნიორებს შორის შეთანხმება მიღწეულია“.
სამიტის დასრულებისთანავე ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ობამას შეკითხვა იმ დემონსტრაციების თაობაზე დაუსვეს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა მის მშობლიურ ქალაქში მოაწყვეს. როგორც ცნობილია, მათი ნაწილი ძალადობითაც კი დასრულდა. ეს ამერიკის არსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მან ყოფილ თანამოქალაქეებს მადლობა გადაუხადა ნატოს სამიტის ორგანიზებისადმი გაგებით მოკიდებისთვის და ქალაქში მოძრაობის გამუდმებული შეფერხების მოთმინებით ატანისთვის.
ნატოს სამიტის დამთავრებამ საერთაშორისო დიპლომატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოთხდღიანი ციკლი დაასრულა, რომელიც კემპ დევიდში „დიდი რვიანის“ შეხვედრასაც მოიცავდა.