"ნატოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის კარი ღიაა, თუმცა წევრობისთვის ორივე მათგანმა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
"ნატოს კარი ღია რჩება. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს ბუქარესტში, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ, ჩვენ კონკრეტული თარიღი არ განგვისაზღვრავს. იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, საჭიროა ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამრიგად, ჩემი გზავნილი ორივესთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის არის - ფოკუსირდით რეფორმებზე. ეს ორი ქვეყანა განსხვავებულია გეოგრაფიით და ისტორიით, მაგრამ ორივე მათგანი მიისწრაფვის "ნატოს" წევრობისკენ. ისინი ორიენტირებულნი უნდა იყვნენ რეფორმებზე, რათა გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, ებრძოლონ კორუფციას, გაატარონ რეფორმები. "ნატო" და ევროკავშირი და მე "ნატოს" სახელით ვიტყვი, რომ ალიანსი მათ ამაში ეხმარება" - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის შესახებ, "ევროპის კოლეჯში" სტუმრობისას განაცხადა.
გენერალური მდივანი ამბობს, რომ რეფორმები, რომლის გატარების აუცილებლობას ხაზი გაუსვა, თავად საქართველოსა და უკრაინას ეხმარება.
გენერალურმა მდივანმა, ალიანსის მიერ ღია კარის პოლიტიკის გატარების დასტურად ორი ქვეყნის წევრობა გაიხსენა - მონტენეგროსა და მაკედონიასი. "ნატოს კარი ღიაა და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. 2014 წლიდან ალიანსს ორი ქვეყანა შემოუერთდა. ასე რომ, ნატოს კარი ღია რჩება" - აცხადებს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, ქვეყნის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის ქვეყნები იღებენ და ამ გადაწყვეტილებაზე მესამე ქვეყანას, მათ შორის რუსეთს გავლენა ვერ ექნება - "რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი“- აღნიშნა მან.