NATO გაზრდის რუსეთის საზღვრისპირა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას

NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ბელგია.

NATO-ს მოკავშირეები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შეიარაღებით და სამხედროების განთავსებით დახმარებას დაპირდნენ. ახალი ინიციატივა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იქნა განხილული და წარმოადგენს ალიანსის მცდელობას რუსეთის საზღვართან ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. ალიანსის გადაწვეტილება რუსეთის მხრიდან ბალტიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტით დატვირთული სამხედრო ხომალდის შეყვანას მოჰყვა.

პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, მოსკოვის მცდელობები შეაფასა, როგორც რუსეთის მხრიდან, მეზობლების მიმართ ძალის გამოყენების და მუქარის კიდევ ერთი მაგალითი.

„NATO-მ უნდა მოახერხოს შეკავების დამაჯერებელი პოლიტიკის გაგრძელება ახალი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში და უნდა გვახსოვდეს, რომ NATO-ს სიძლიერე არის არა კონფლიქტის პროვოცირებაში, არამედ კონფლიქტის თავიდან არიდებაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი საქართველოს და უკრაინის თემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში დაამტკიცა, რომ იგი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა.

„ნატოს არ სურს კონფრონტაცია რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი. NATO-ს ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. NATO-მ უნდა უპასუხოს რუსეთის მხრიდან დიდი ხნის მანძილზე სამხედრო შეიარაღების ზრდას, მის მიერ სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციას და რაც ყველაზე მთავარია, მის მზაობას გამოიყენოს ძალა მეზობლების წინააღმდეგ-ყირიმის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსი აპირებს ესტონეთსა და ლატვიაში დრონებით, საომარი თვითმფრინავებით და ტანკებით აღჭურვილი ბატალიონების განთავსებას. სტოლტენბერგის თქმით, სამხედრო სიძლიერის გაზრდასთან ერთად, NATO მზადაა დიალოგისაა და თანამშრობლობისთვის რუსეთთან.

ამასთანავე, სიტუაცია ალიანსსა და რუსეთს შორის დაიძაბა მას შემდეგ, რაც ესპანეთს უნდა გადაეწყვიტა მისცემდა თუ არა სირიისკენ მიმავალ რუსულ საომარ გემებს საწვავი მასალით შევსების უფლებას. პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც რუსეთმა საკუთარი წინადადება უკან გაიტანა.

სტოლტენბერგი გამოეხმაურა ამ შემთხვევას და განაცხადა, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს მისცემს თუ არა მის ნავსადგურში გაჩერების უფლებას სხვა ქვეყნის გემებს.

„ეს თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია. თუმცა ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ შესაძლებელია ეს საომარი გემები გამოყენებულ იქნან ალეპოზე თავდასხმისთვის, რაც კიდევ უფრო დააზარალებს ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, იმ კატასტროფას რასაც ჩვენ ალეპოში ვხედავთ“, - აღნიშნა მან.

კრიტიკოსების თქმით, გემების მომარაგება ხელს შეუწყობს ალეპოში ადგილობრივი მოსახლეობის განუკითხავ დაბომბვას რუსეთის მხრიდან. ალეპოში, მოსკოვი,ასადის რეჟიმს უწევს სამხედრო მხარდაჭერას, ამბოხებული ძალების წინააღმდეგ.