ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საუბრობს.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი პასუხობს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე.
"რასაც ჩვენ ხედავთ, ეს სტრატეგიული გამოწვევაა. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც ბირთვული შეიარაღების გაზრდასა და სამხედრო ტექნოლოგიებში ინვესტიციებს დებს. ვხედავთ რუსეთს, რომელიც არღვევს შეიარაღებული ძალების კონტროლის შესახებ ევროპაში არსებულ პრინციპებს, ის ანთავსებს რაკეტებს, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად რამდენიმე წუთი დასჭირდება." მან დასძინა, რომ ალიანსი ხედავს რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მისი მეზობლების-საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ- აგრესიულ მოქმედებებზე. ასევე, რუსეთს უნებართვოდ ჰყავს შეიარაღებული ძალები მოლდოვაში.
მისი თქმით, "ჩვენ არ გვინახავს რუსეთის აგრესია ალიანსის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ზუსტად ეს არის ის, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ნატომ განაგრძოს თავდაცვის გაძლიერება და მოდერნიზება," განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
"იტარ-ტასის" ჟურნალისტის კითხვა, ალიანსის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობას შეეხებოდა. ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის მტრებად დასახელება, მისი აზრით, ნატოს მოვალეობა არ არის.
"ნატო კოლექტიური თავდაცვის ალიანსია. რას და ვის უპირისპირდება ის? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი? რა არის ჩვენი საერთო პრობლემები? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. ეს სტრატეგიული საკითხია. დღეს ჩვენი მტერი რუსეთია, როგორც ეს ხანდახან მესმის, თუ ჩინეთი? მათი მტრებად დასახელება ნატოს როლია? მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ქვეყანას დაატყდა თავს," განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ლონდონში 3 და 4 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიება ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.