ნატოს საზღვაო უსაფრთხოების დასაცავად საქართველოს დიდი რესურსი აქვს

რა როლს თამაშობს საზღვაო ძალები ნატოს უსაფრთხოებაში და რა გამოწვევებთან უწევს ალიანსს გამკლავება? საზღვაო ძალების მნიშვნელობაზე და როლზე ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ იმსჯელეს.

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისმა და რუსეთის მიერ შემოდგომაზე ჩატარებულმა სამხედრო წვრთნებმა "ზაპად 2017-მა", ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საზღვაო უსაფრთხოებაზე დებატები გააცოცხლა.

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ქრისტინ უორთმუთი ამბობს, რომ „ნატო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საზღვაო უსაფრთხოებაზე ბევრი კუთხით უნდა იფიქროს - იქნება ეს ჩრდილო-ატლანტიკურ ფლანგზე, ბალტიის ზღვაში თუ შავი ზღვისპირეთში“.

უორთმუთის თქმით, 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ ალიანსის მთავარი საზრუნავი ტერორიზმი და მასთან გამკლავება იყო: „თუმცა ახლა ზღვის მნიშვნელობა ნატოს უსაფრთხოებაში ისევ აქტუალურია. ალიანსმა ახალ გამოწვევებზე უნდა იფიქროს - იქნება ეს ლტოლვილების კრიზისი, უკანონო მიგრაცია, კონტრაბანდა თუ რუსეთის საზღვაო ძალების გაძლიერება“.

უორთმუთის მიერ ჩამოთვლილი კრიზისების შედეგად, ნატოსთვის საზღვაო ძალა ახლა პრიორიტეტია, რაც კიდევ მეტად ააქტიურებს დისკუსიას ნატოს საზღვაო სტრუქტურის ადაპტაციის შესახებ.

ნატოს საზღვაო ოპერაციების მეთაური კლივ ჯონსტონი ამბობს, რომ ალიანსმა შავი ზღვისპირეთის შესწავლა მხოლოდ ახლო წარსულში დაიწყო. მისი თქმით, ამ რეგიონში საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„შავ ზღვაში წარმომადგენლობა გავზარდეთ და რეგიონს უკეთ ვეცნობით. საქართველოს განვიხილავთ როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. სულ რაღაც ორი თვის წინ, ჩემი მოადგილე თურქულ გემთან და ბრიტანულ ჯგუფთან ერთად საქართველოში იყო და მესაზღვრეებთან ერთად უსაფრთხოების წვრთნები ჩაატარეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დიდი რესურსი არ აქვს და რომ მათ ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეერთებული შტატებისგან რამდენიმე გემი მიიღეს საჩუქრად“, თქვა ნატოს მაღალჩინოსანმა.

ჯონსტონის თქმით, ინსტრუქტორების გუნდი სასიამოვნოდ გააკვირვა საქართველოს მიერ ინფორმაციის მოპოვების და დამუშავების უნარებმა, რაც ნატოს შავი ზღვის აუზის უკეთ გაცნობაში ეხმარება.