დაძაბულობა ნატოში ლონდონის სამიტის წინ

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ლონდონში ალიანსის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად იკრიბებიან. თუმცა საზეიმო განწყობა შესაძლოა, შიდა დაპირისპირებამ გადაფაროს.

მომავალ კვირას, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ალიანსი ისეთ საკითხებზე ეცდება კომპრომისის მიღწევას, როგორიცაა სირია, რუსული საფრთხე და ჩინეთი.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს „ტვინ-მკვდარი“ ორგანიზაცია უწოდა და ევროპელებს მოუწოდა, თავდაცვის საკუთარი სისტემა შექმნან. მაკრონის კომენტარს, გენერალური მდივნის სწრაფი რეაქცია მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის პროექტი არ უნდა იყოს ნატოსთან წინააღმდეგობაში.

„ევროპული ერთიანობა ვერ ჩაანაცვლებს ტრანსატლანტიკურ ერთიანობას. ორივე გვჭირდება. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ. ევროკავშირი ვერ დაიცავს ევროპას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ევროპული ერთიანობა ვერ ჩაანაცვლებს ტრანსატლანტიკურ ერთიანობას.
იენს სტოლტენბერგი

მაკრონის შეფასებას არ დაეთანხმა ასევე ანგელა მერკელი.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მკვეთრი სიტყვები შეარჩია. „ნატოში“ თანამშრომლობას ასე არ ვხედავ. არ მგონია, რომ საჭიროა ასეთი ფართო დასკვნების გაკეთება, პრობლემები რომც გვქონდეს მაინც,“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.

ალიანსისთვის, რუსეთთან ურთიერთობა, და მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი ამ შეფასებას არ ეთანხმება. მაკრონმა, სამიტის წინ, ალიანსის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ნატოს მთავარი საფრთხე არა რუსეთი, არამედ ტერორიზმია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მკვეთრი სიტყვები შეარჩია.
ანგელა მერკელი

„ნატო კოლექტიური თავდაცვის ალიანსია, რას და ვის უპირისპირდება ის? ვინაა ჩვენი საერთო მტერი? რა არის ჩვენი საერთო პრობლემები? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ეს სტრატეგიული კითხვაა. დღეს ჩვენი მტერი რუსეთია, როგორც ეს ხანდახან მესმის, თუ ჩინეთი? მტრებად მათი დასახელება ნატოს როლია? მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელიც თითოეულ ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ნატოში ოპერაციულ ხარჯებს შეამცირებს, რაშიც ალიანსის სათაო ოფისის შენახვა და სხვა სამოქალაქო ადმინისტრაციული ხარჯები შედის.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თეთრი სახლი დაზოგილ თანხას საქართველოსა და უკრაინაზე გადაანაწილებს. ეს ვაშინგტონის კიდევ ერთი ნაბიჯია, იმისთვის რომ ევროპელი კოლეგები აიძულოს მეტი გაიღონ ალიანსის დასაფინანსებლად.

ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელიც თითოეულ ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს.
ემანუელ მაკრონი

პრეზიდენტი ტრამპი, ალიანსის ევროპელ მოკავშირეებს, ხშირად აკრიტიკებს, რომ ისინი არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებას, და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ ხარჯავენ. ამ დროისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯები იმაზე მეტია ვიდრე ალიანსის ყველა სხვა დანარჩენი მოკავშირის ერთად აღებული.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი თავად მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როცა განაცხადა, რომ ნატო „დრომოჭმულია“. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრეზიდენტის კრიტიკას, მის დაინტერესებას უკავშირებს, და ამბობს, რომ ტრამპს სურს ალიანსმა ძალა შეინარჩუნოს.

"„ნატო“ ყველაზე კრიტიკული, სტრატეგიული ალიანსია ისტორიის განმავლობაში. შეერთებული შტატები სათავეში ედგა ამ ალიანსის შექმნას, და ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს მტკიცე წამყვან როლს დღეს. ჩვენ ერთგულად ვიმუშავებთ ნატოს მოკავშირეებთან, რათა ავაშენოთ ძლიერი, სტაბილური და წარმატებული ალიანსი, და თავისუფალი ევროპა და მსოფლიო“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ნატო“ ყველაზე კრიტიკული, სტრატეგიული
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.
მაიკ პომპეო

ბერლინი ვაშინგტონის მოთხოვნას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. გერმანიის თქმით, რომ მისი თავდაცვის ხარჯები 2 პროცენტს მხოლოდ 2030 წლისთვის მიაღწევს.

კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი მოკავშირეებს შორის, თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვა წარმოადგენს.

სამიტი 3-4 დეკემბერს გაიმართება. ლონდონის სამიტი მოკავშირეებისთვის შანსია ალიანსის შიდა უთანხმოებები მოაგვარონ.