საქართველო ნატოს წევრი გახდება- ირაკლი ალასანია

„მოუთმენლად ველი იმ მომავალს, რომელშიც საქართველო ალიანსის წევრი იქნება“, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატოს თავდაცვის მინისტრები საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიას შეხვდნენ. სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.

ხაზი გაუსვა რა საქართველოს „აქტიურ მხარდაჭერას“ და ქართველი სამხედროების „პროფესიონალიზმს და სიმამაცეს“ ნატოს ოპერაციებში, რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში ქვეყნის შიდა მოვლენებსაც გულისყურით ადევნებს თვალს. მათ შორის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობის უფლებათა პატივისცემას. „ მოუთმენლად ველი იმ მომავალს, რომელშიც საქართველო ალიანსის წევრი იქნება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ ის წევრობის მოთხოვნებს შეასრულებს“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დინამიკა დამოკიდებულია მხოლოდ იმ რეფორმებზე, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. „ნატოს წევრი საქართველო გახდება. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.