ამერიკა ნატოს გაძლიერების მომხრეა

ამერიკა ნატოს გაძლიერების მომხრეა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ნატოს გაძლიერების მომხრენი არიან, რათა ამ ორგანიზაციამ შეძლოს თანამედროვე საფრთხეებთან გამკლავება.

ამ საფრთხეებში ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვა და კიბერ თავდასხმების მოგერიება იგულისხმება. ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უძღვებოდა.

მისი თქმით:“ ნატოს მთავარი ამოცანა ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების 900 მილიონიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მაგრამ ეს უნდა იყოს თანამედროვე თავდაცვა მოდერნიზებული თავდასხმების წინააღმდეგ.“

თავის მხრივ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებს თავდაცვის პროგრამების დაფინანსებისკენ მოუწოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია თავის ფუნქციას დაკარგავს.

ლონდონელი სამხედრო ანალიტიკოსის ნიკ ვიტნის განცხადებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საკამათო მოსაზრებებმაც გაიჟღერა ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ევროპის შესახებ. მისი თქმით:“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა ევროპიდან ნატოს ბირთვული იარაღის გატანის შესახებ, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წამყვანი წევრების გეგმებში ნამდვილად არ შედის.