„ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების მოლოდინში

მიხეილ სააკაშვილი

პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარესთან მიმართებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებებია. ამ მოცემულობას პარტია "შიდაპარტიული დემოკრატიული" ნაბიჯით პასუხობს და ახლა უკვე მზადყოფნას აცხადებს ლიდერის პოზიციაზე საარჩევნო პროცესი დაიწყოს.

ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე, პარტიის ხელმძღვანელი ნიკა მელია სრულიად გამორიცხავდა და აბსურდულად მიიჩნევდა პრაიმერის ჩატარების იდეას. ასევე, ამბობდა, რომ პარტიაში პრობლემები არ არსებობდა. „პრაიმერი არის ჩემთვის სისულელე, განწირული მარცხისთვის. ეს ყველაფერი ივანიშვილის რეჟიმის ინტერესს ასხამს წყალს“, - განაცხადა ნიკა მელიამ 1 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ ტოკშოუში. ის, ასევე ამბობდა, რომ სურს გარკვეული ცვლილებები იმის აღსაკვეთად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენდეს ერთგვარ "ვაგონს", რომელსაც ადამიანები პარლამენტში შესასვლელად იყენებენ, შემდეგ კი პარტიულ დღის წესრიგს ემიჯნებიან.

ნიკა მელიამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრაიმერის ჩატარების აუცილებლობაზე აზრი შეიცვალა. მას არ დაუმალავს უკმაყოფილება იმ ბრიფინგის გამო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს და სადაც მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის შესახებ ისაუბრეს. 15 ნოემბერს, ტელეკომპანია "პირველთან" ჩართვისას, ნიკა მელიამ, რომელიც ბრუსელში იმყოფება, თქვა, რომ ცხადია, არ დააყენებს იმ ადამიანების პარტიიდან გარიცხვის საკითხს, ვინც მისი პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა არც იმას აპირებს, რომ მათ წამყვანი პარტიული თანამდებობები გაუნაწილოს.

„ამ ადამიანების მიმართ პასუხი მექნება, მაგრამ მექნება მოგვიანებით. ანუ, მე ვყოფილვარ ავტოკრატიული მისწრაფებების მქონე ხელმძღვანელი? იმ პირობებში, რომ ვინც პარტიაში დასაყრდენი ბურჯი უნდა ყოფილიყო, გენერალური მდივანი, მისი მოადგილე, ერთ დღეში იცვლიან გადაწყვეტილებებს? სხვა შენობაში გაუჩინარდებიან და ბრიფინგს ჩაატარებენ? სადმე არსებობდა უკეთესი გეგმა და მე უგულებელვყავი? - კითხულობს ნიკა მელია.

მელია

ის კიდევ ერთხელ აპირებს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს. ამჯერად მისი კონკურენტები გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი არიან. ხაბეიშვილმა კანდიდატურა 16 ნოემბერს წამოაყენა. პარალელურად, ლიდერის პოზიციაზე ბრძოლისთვის უარი თქვა გიორგი ჩალაძემ.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ახალი პრაიმერით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და არც პარტიის შიგნით აამღვრევს ეს ყველაფერი წყალს. ურთიერთობები კი შენარჩუნდება, ისევე, როგორც ეს გასული შიდაპარტიული არჩენვების შემდეგ მოხდა. მელია 2020 წელს იხსენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტი გრიგოლ ვაშაძემ დატოვა. „გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა მაშინ. პრაიმერი გაიმართა ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის. არც მე მიკადრია რაიმე უმსგავსი მის მიმართ და არც მას - ჩემ მიმართ. ის დღესაცაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, - აცხადებს ნიკა მელია.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ 2020 წლის დეკემბერში განცხადება "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისთვის მიუღებელია პარტიაში შიდა კონსულტაციების ნაკლებობა, სტრატეგიის არარსებობა, შეუსაბამო დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიმართ და კოლაბორაცია ისეთ პერსონებთან, ვისი არსებობის ფაქტორიც ამომრჩეველთა თვალში პარტიისთვის ნდობის დაკარგვას მოასწავებდა.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის, ამ დროისთვის დადასტურებულად აპირებს ბრძოლას ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. ამის მიუხედავად, ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ყველაზე კატეგორიული და ზედმიწევნით მომთხოვნია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და მათ მიერ გაცემული დაპირებების შესრულების მიმართ. წლების განმავლობაში ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის და აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ მოვლენებში როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი.

ნიკა მელია საკანში

მუმლაძეს არჩევნებსა თუ სამოქალაქო საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მისი მხრიდან გამოხატული პრეტენზია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ ძლიერ ამბიციურად მიიჩნევა.

გიორგი მუმლაძე „ამერიკის ხმის“ ობიექტივში პირველად 2020 წლის მარტში მოხვდა, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. იმ დროისთვის ის მშობლიურ ქალაქში, მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივ ერთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ეხმარებოდა, რომელიც კარანტინის პირობებში ადაპტირებას ცდილობდა. მას შემდეგ, გიორგი მუმლაძე ჩანდა აქციებზე და სამოქალაქო პროტესტის ლოკაციებზე, სადაც რამდენჯერმე დააკავეს კიდეც და ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს. მუმლაძე „ამერიკის ხმას“ იმ აუცილებლობის შესახებ უყვება, რის გამოც პარტიაში ცვლილებებია საჭირო:

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

„მარნეული ის ქალაქია, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მნიშვნელოვანი ოდენობის მხარდამჭერები. არც ერთ სხვა რეგიონს არ მოუტანია იმდენი მაჟორიტარული მანდატი პარლამენტში, როგორც ეს მარნეულიდან მოდის. ამის მიუხედავად, მე ვხედავ, რომ პარტიაში ეს მდგომარეობა არაა გაცნობიერებული და დაფასებული. ეს კი იმას იწვევს, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი მატულობს. ამით პარტია ხმებს კარგავს და ეს თითქოს არავის აღელვებს ლიდერთა შორის. მიმაჩნია, რომ ეს არაა ნორმალური. მე მინდა შევცვალო შიდა პარტიული მოწყობა, გავხადო ის უფრო დემოკრატიული, მეტი შანსი მივცე იმ ადამიანებს, ვინც რეგიონებში მუშაობს და ძალიან თავდადებულად, ერთგულად, ბევრს აკეთებს. ახლა ასეთ ადამიანებს პარტია თითქოს ვერ ხედავს, არადა, რეალურად, ისინი არიან მთავარი საყრდენები“, - გვეუბნება გიორგი მუმლაძე.

მისი აზრით, ოპოზიციის უმოქმედობის გამო, ბიძინა ივანიშვილი თავს კომფორტულად გრძნობს. რადგან მას ოპოზიცია არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

ნაციონალური მოძრაობის აქცია. 29 ოქტომბერი, თბილისი, საქართველო

„გამოკეტილები არიან კაბინეტებში, სხედან თბილ ოფისებში - ესაა ოპოზიციის პრობლემა. მელიამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. არ დაიცვა არჩევნების შედეგები, შევიდა პარლამენტში, გაქრა მისი დაპირება ვადამდელ არჩევნებზე, ცხელ შემოდგომაზე... მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ, 2024 წლამდე პროცესის მიგორება სურთ. მე კი მანამდე მოცდას არ ვაპირებ. აუცილებელია ქუჩის პროტესტი", - გვეუბნება გიორგი მუმლაძე და იმ საფრთხის შესახებაც საუბრობს, რომ შესაძლოა, დააპატიმრონ, რადგან უკანასკნელი საქმე მის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის მუხლით აღძრეს და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

„მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ეს იმ პრინციპის ერთგულებაა, რომელიც დიდი ხნის წინ გააჟღერა სააკაშვილმა, რომლის მიხედვითაც, არანაირი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება არაა შესაძლებელი, თუ არა - რევოლუციური პროცესების განვითარებით", - აცხადებს გიორგი ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. მისი თქმით, ამის მაგალითი არაერთხელ იხილა საზოგადოებამ. "ახლა არანაირი შეჯიბრი არ მიმდინარეობს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, თუ ვინ უკეთ შესთავაზებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. დღეს შეჯიბრი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მეტი რესურსი აქვს ამ რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ვოლსკი.

პროტესტი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სამართლიანობის მოთხოვნით. თბილისი, 1 ნოემბერი

სააკაშვილის ფაქტორი ამჟამინდელ დაპირისპირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, გიორგი ჩალაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმოყენებული კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ახალი კანდიდატისგან, ლევან ხაბეიშვილისგან გაიგო იმ წინადადების შესახებ, რომ „პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან ის ადამიანები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს“. ჩალაძე ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული არჩევნები რამდენიმე კვირაში ჩატარდება. კანდიდატებისთვის ხმის მიცემა პარტიის წევრებს შეეძლებათ, თუმცა უფრო დეტალური რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გასაჯაროებულა.