ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ეწინააღმდეგება აზრს, რომ ამერიკაში უსაბუთო ემიგრანტებს ლეგალური ცხოვრების უფლება მიენიჭოთ
Your browser doesn’t support HTML5
„შეერთებულ შტატებში ემიგრაციის რეფორმა ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და უახლესი ოცი წლის განმავლობაში დეფიციტს ერთი ტრილიონი დოლარით შეავსებს. როდესაც ემიგრანტები ამერიკაში საკუთარი ოცნების განსახორციელებლად ჩამოდიან, საშუალება აქვთ ისწავლონ, შექმნან და ჩვენი კულტურის ნაწილი გახდნენ. ამიტომაცაა ამერიკა ბიზნეს-ინვესტიციისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ასეთი მიმზიდველი. მოდით,დავსხდეთ და ემიგრაციის რეფორმა ამ წელს დავასრულოთ.“
ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აზრს, რომ შეერთებულ შტატებში უსაბუთოდ მცხოვრებ ემიგრანტებს ლეგალური ცხოვრების უფლება მიენიჭოთ. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას არ აქვს უფლება კონგრესს რეფორმის ძალადატანებითი განხილვა მოსთხოვოს. მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი:
„ძალზე ბევრ ამერიკელს და ჩემს კოლეგას არ სჯერა, რომ რეფორმა იმ სახით განხორციელდება, როგორი მოლოდინიც გვაქვს.“
ამასთან ერთად ბეინერი კონგრესს ორპარტიულ მხარდაჭერას თხოვს, რათა მოუწოდოს ადმინისტრაციას გლობალური სავაჭრო ხელშეკრულებების მოლაპარაკებებში საკუთარი როლი გაზარდოს.
„კარგია, რომ პრეზიდენტს ემიგრაციის რეფორმის განხორციელებას სურს. მაგრამ თუ წლევანდელი წელი მოქმედების წელია, მოდით ვცადოთ და სავაჭრო ხელშეწყობის უფლებამოსილების კანონი დავამტკიცოთ, რაც ამერიკაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.“
სავაჭრო ხელშეკრულებები შესაძლოა კონგრესში შესწორების გარეშე მერყევი კენჭისყრის საგანი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დაუჭირა მხარი, იგი ამ საკითხს ეკონომიკის მთავარ პრიორიტეტად არ ასახელებს:
„ სავაჭრო ხელშეწყობის უფლებამოსილების საშუალებებზე ორმხრივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენი მშრომელები და გარემო უსაფრთხო გახდეს. უნდა გაიხსნას ახალი ბაზარი, რომელზეც პროდუქცია სასაქონლო მარკით „დამზადებულია ამერიკაში“ გაიყიდება,“- ამბობს პრეზიდენტი ობამა.
ბევრი დემოკრატი კონგრესმენის აზრით, თავისუფალი ვაჭრობა საზღვარგარეთ ამერიკული სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობს ხელს. დემოკრატებით მართული სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი ამბობს, რომ სავაჭრო ხელშეწყობის უფლებამოსილების კანონი კენჭისყრის დროს საკმარის ხმებს ვერ დააგროვებს. წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსიც ამ აზრს ეთანხმება:
„ჩემი აზრით, წარმომადგენელთა პალატაში სავაჭრო ხელშეწყობის უფლებამოსილებას ბევრი დემოკრატი არ დაუჭერს მხარს.“
ყოველივე ზემოთქმულის ნაცვლად, ნენსი პელოსი მოუწოდებს კონგრესს ამერიკელებს საშუალო ხელფასის დონე გაუზარდოს და უმუშევართა შეღავათები გააფართოვოს, რასაც რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამა წლის ნომებერში ამერიკელებმა სენატის მესამედი და წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა შუალედურ არჩევნებზე უნდა აირჩიონ. ზოგადად არჩევნების წლის განმავლობაში კონგრესი ცდილობს სადავო პოლიტიკურ საკითხების განხილვას თავი აარიდოს. სავარაუდოდ 2014 წელსაც იგივე განმეორდება.