ნასას მარსის ვერტფმრენი ისტორიაში ყველაზე სწრაფი და შორსმავალია

აშშ-ის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნულმა სააგენტო ნასამ განაცხადა, რომ მარსის ექსპერიმენტული ვერტმფრენი, სახელად "გამომგონებელი", წითელ პლანეტაზე მესამე ფრენის დროს, გაფრინდა უფრო შორს და უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე, მათ შორის დედამიწაზე საცდელი ფრენების დროს.

ნასას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენი საწყის პოზიციაზე აფრინდა და პლანეტის ზედაპირიდან აიწია, დაახლოებით, 5 მეტრზე, დაახლოებით იმავე სიმაღლეზე, რაც მან მეორე ფრენისას, ხუთშაბათს განავითარა. ამჯერად, "გამომგონებელი" თავისი პოზიციიდან, დაახლოებით, 50 მეტრის მანძილზე გაფრინდა აქამდე არსებული მაქსიმალური სიჩქარით, რაც წამში, დაახლოებით, 2 მეტრი იყო. მთელი ფრენა, დაახლოებით, 80 წამს გაგრძელდა.

ასევე ნახეთ: ისტორიული მისია შესრულდა - "შეუპოვრობა" მარსზე დაეშვა

ფრენის მონაცემები სამხრეთ კალიფორნიაში, NASA- ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში მიიღეს. მარსზე გაგზავნილი ვერტმფრენის ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ”ექსტაზი” იყო იმის დანახვა, თუ როგორ მუშაობდა ვერტმფრენი.

პროგრამის დირექტორმა დეივ ლავერიმ განაცხადა, რომ კვირას განხორციელებული ფრენა ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც გუნდი გეგმავდა.

"გამომგონებლის" 80-წამიანი ფრენა იქვე ახლოს მდგომმა ნასას რობოტმა, როვერმა "შეუპოვრობამ" დააფიქსირა.

როვერი "შეუპოვრობა" მარზე 19 თებერვალს დაეშვა. რობოტი წინა როვერებისგან განსხვავებით მაღალი ტექნოლოგიების დაშვების ტექნიკას ფლობდა, რამაც საშუალება მისცა წარმატებით დამჯდარიყო მარსზე. წითელ პლანეტაზე ნასამ მანამდე 8 რობოტი წარუმატებლად გაგზავნა.

ასევე ნახეთ: ნასამ მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინა

"გამომგონებლის" ფრენის ვიდეო კადრები, მალე დედამიწაზე გამოიგზავნება და მეცნიერებს მისი ახლოდან დაკვირვების და შესწავლის საშუალება ექნებათ.

"გამომგონებლის" გუნდი, ვერტფმრენის შესაძლებლობების ლიმიტს მაქსიმალურად ზრდის, რათა მოწყობილობამ უფრო მეტი ფოტო გადაიღოს. მათ შორის ფერადი კამერიდანაც, რომელიც მასშია ჩამონტაჟებული.

"გამომგონებელი" 1 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. ის "შეუპოვრობის" როვერში იყო ჩამონტაჟებული და სამი კვირის წინ თავისით გამოეყო რობოტს. კამერების გარდა, მოწყობილობას სხვა ტიპის მეცნიერული აღჭურვილობა არ აქვს დამონტაჟებული.