ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, დედამიწაზე და კოსმოსში განლაგებული ტელესკოპების გამოყენებით, 40 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში, დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა აღმოაჩინა
წყალი, ყველგან წყალი
პრეს რელიზის მიხედვით, შვიდივე პლანეტას „დედამიწის მსგავსი ან მასზე ნაკლები მასა აქვს“.
მეცნიერების თანახმად, ტემპერატურა ამ პლანეტებზე „საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს...“ იმიტომ, რომ პლანეტები სიცოცხლისთვის საუკეთესო ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე არიან, რომ იქ თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი.
მაიკლ გილონი, ბელგიიის ლიეჟის უნივერსიტეტის კვლევის წამყვანი ავტორი აღმოჩენით გახარებულია. „ეს გასაოცარი საპლანეტო სისტემაა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამდენი პლანეტა აღმოვაჩინეთ, არამედ იმიტომ, რომ ყველა მათგანი ზომით დედამიწას საოცრად ჰგავს!“
ახალი აღმოჩენა ჟურნალ „ნეიჩერის“ დღევანდელ ნომერშია აღწერილი.
ჯუჯა ვარსკვლავები
აღმოჩენილი პლანეტების ორბიტები მცირე ზომის, ულტრა-ცივი (ტემპერატურის მიხედვით) ვარსკვლავის გარშემოა. ვარსკვლავს „ტრეპისტ-1“ ეწოდება.
ის სხვა ჯუჯა ვარსკვლავს, „პროქსიმა ცენტავრს“ ჰგავს, რომელიც დედამიწიდან სულ 4.2 სინათლის წლით არის დაშორებული. გასულ წელს მეცნიერებმა მის ორბიტაზე, ასევე სიცოცხლისთვის შესაფერის ზონაში, დედამიწის მსგავსი პლანეტა, სახელად „პროქსიმა ბი“ აღმოაჩინეს.
ასტროფიზიკოს ალან ბოსისთვის დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა სიურპრიზი არ არის. რამდენიმე თვის წინ, ის „ამერიკის ხმას“ „პროქსიმა ბი“-ს შესახებ ესაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ შესაძლოა ყოველ ვარსკვლავთან „1.2 სიცოცხლისთვის გამოსადეგი დედამიწა იყოს.“
პლანეტების აღმოჩენა საერთაშორისო ძალისხმევის შედეგია. გასულ წელს, ასტრონომებს დედამიწის ზომის სამი პლანეტა უკვე აღმოჩენილი ჰქონდათ. ის პლანეტები ეგრეთწოდებულ „ტრანზიტებზე“ დაკვირვებით აღმოაჩინეს. „ტრანზიტის“ დროს პლანეტა მზის წინ გაივლის და მის ნათებას ამცირებს.
ამიტომ მკვლევარებმა გადაწყვიტეს ვარსკვლავს თვეების განმავლობაში გულდასმით დაკვირვებოდნენ „, ჩილეში, მაროკოში, ჰავაიზე, ლა პალმაში და სამხრეთ აფრიკაში განლაგებული სხვადასხვა ტელესკოპებით. 2016 წლის სექტემბერში, „ნასას“ სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი „ტრეპისტ-1“-ს 20 დღის განმავლობაში აკვირდებოდა.
მათი მუშაობის შედეგად, კიდევ ოთხი პლანეტის აღმოჩენა მოხდა და შესაძლოა ყოველ მათგანს ზედაპირზე, პოტენციურად თხევადი წყალი ჰქონდეს.
მკვლევარები ამბობენ, რომ პლანეტები დაახლოებით დედამიწის და ვენერის ზომისაა, მაგრამ ჩვენს მზის სისტემასთან მსგავსება ამით მთავრდება.
„ტრეპისტ-1“-თან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი მცირე ზომისაა, თვითონ ვარსკვლავის ჩათვლით. ზომით, ის დაახლოებით ჩვენი მზის 8 პროცენტია და მზის სისტემის უდიდეს პლანეტა, იუპიტერზე ოდნავ დიდია. ამის გამო, ჩვენი სისტემისგან განსხვავებით, შვიდივე პლანეტა „ბევრად უფრო ახლო ორბიტაზე მოძრაობს“.
მალე მეტი ინფორმაცია გამოჩნდება. 2018 წელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გავა ორბიტაზე და “ტრეპისტ-1“-ის გარშემო მოძრავი პლანეტების უფრო მკაფიო სურათის მოპოვებას შეძლებს.
ბერნის უნივერსიტეტის, კოსმოსის და სასიცოცხლო სივრცის ცენტრის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბრაის ოლივიე დემორი ამბობს, რომ არსებულ საშუალებებში ვების ტელესკოპის დამატება პლანეტების დათვალიერებასთან ერთად, სიცოცხლის ძიების დაწყების საშუალებას შექმნის. ის ამბობს, რომ „“ჰაბლის“ მემკვიდრეს, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, ოზონის აღმოჩენა შეეძლება, თუ ეს მოლეკულა რომელიმე პლანეტის ატმოსფეროში არსებობს... ეს იმის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, რომ პლანეტაზე ბიოლოგიური აქტიურობა არსებობს.“
ის ამბობს, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესახებ კონკრეტული განცხადებების გაკეთება მარტივი არასდროს იქნება, მაგრამ როგორც გასულ წელს ბოსმა „ამერიკის ხმას უთხრა, „მოველი, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება.“