ნაბუქოს ახალი კონკურენტი ჰყავს

ნაბუქოს ახალი კონკურენტი ჰყავს

გარდა იმისა, რომ ნაბუქოს პროექტს რუსული სამხრეთის დინებისთვის უწევს კონკურენციის გაწევა, მას ახალი ევროპელი მოპაექრეც გამოუჩნდა, რომელსაც შეიძლება განხორციელების უკეთესი შანსი ჰქონდეს.

საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგო მატარებლების შესაძლო პრივატიზაციის საკითხისა და ეგრეთ წოდებული, სამხრეთის დერეფნის განვითარების შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარს, ალექსანდროს პეტერსენს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ბუნებრივი აირის მთავარი მილსადენის პრივატიზაციის თემაზე საუბრის დაწყება უკავშირდება არა სტრატეგიულ გათვლებს, არამედ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ ვითარებას.

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის დიდი რაოდენობით საინვესტიციო თანხები იყო გამიზნული რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ეს გეგმები ჩაიშალა. ძალიან გამიკვირდებოდა ის, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აცნობიერებდეს უარყოფით შედეგებს, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციას შეიძლება მოჰყვეს,“ ამბობს ბატონი პეტერსენი.

ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპების თანახმად ეკონომიკური წინსვლის საწინდარი სწორედ პრივატიზაციაა. აქედან გამომდინარე, საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ენერგომატარებლების კერძო სექტორისთვის გადაცემა შეიძლება არ იყოს ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილება. თუმცა, ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყნის მდებარეობა და მისი გეო-პოლიტიკური დანიშნულებაა.

ბატონი პეტერსენის თქმით: „ქვეყანას საღი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ როგორ აწარმოებენ ბიზნესს პოტენციური ინვესტორები და რა გეოპოლიტიკური დატვირთვა ექნება ქვეყნაში უცხოელი ინვესტორს შემოსვლას. რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვა პრინციპების დათმობისა და კორუფციის მომატების ხარჯზე.“

საქართველოს ენერგო გარემოს ის ფაქტორიც ართულებს, რომ სამხრეთის დერეფნის განვითარება ისე აქტიურად აღარ მიმდინარეობს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ჩანდა. მაგალითად, ენერგეტიკის ექსპერტებს ეგონათ, რომ 2010 წელი ეგრეთ წოდებული „ნაბუქოს წელი“ იქნებოდა და პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ დამტკიცდებოდა. ნაბუქოს დაგეგმვის პროცესს, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ხელი შეუწყო თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვამ და ევროკავშირის მიერ ერთიანი ენერგო პოლიტიკის არ ქონამ.

ნაბუქოს ახალი კონკურენტი ჰყავს

ბატონი პეტერსენის თქმით: „სამწუხარო ისაა, რომ ნაბუქოს ისეთი კონკურენტები გაუჩნდა, როგორიცაა ტრანს ადრიატიკული მილსადენის პროექტი და თურქეთი-საბრძნეთი-იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლებიც სამხრეთის დინებისგან განხვავებით ევროპული პროექტებია. კონკურენცია ერთის მხრივ დადებითი მოვლენაა და ის საუკეთესო პროექტს გამოავლენს, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპელების ერთმანეთთან კონკურენცია საერთო ჯამში ევროპული მიდგომის სისუსტეზე მიუთითებს. ამასთან, რეგიონის ენერგო სფეროში ჩინეთი უაღრესად გააქტიურდა, რამაც შეიძლება ნებისმიერი ევროპისკენ მიმავალი მილსადენისთვის განკუთვნილი გაზის რესურს საფრთხე შეუქმნას და ჩინეთისკენ მიიზიდოს.“

ტრანს ადრიატიკული მილსადენის, იგივე ტაპის, ყოველწლიური მოცულობა 20 მილიარდი კუბური მეტრია, რაც ნაბუქოს დაგეგმილ მოცულობაზე 11 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. მოცულობაში განსხვავება იმასაც ნიშნავს, რომ ტაპის აშენება შედარებით იაფი დაუჯდება ინვესტორებს, ვიდრე ნაბუქო. გარდა ამისა, თუ ნაბუქოს შემთხვევაში უცნობია პროექტის დაფინანსების საბოლოო გეგმა, ტაპს ფინანსურად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. გერმანიის უდიდესი გაზის კომპანია იონ რურგაზთან ერთად, რომელსაც პროექტში 15 პროცენტიანი წილი ექნება, პროექტის ინვესტორები სტატოილი და შვედეთის იჯიელი დარჩენილ 85 პროცენტს თანაბრად გაინეწილებენ.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი მილსადენი გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში საქართველო მაინც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა იქენბა ევროპისთვის გაზის მიწოდებაში. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი აქტიურად ცდილობს რეგიონის ენერგეტიკულ ცენტრად გარდაქმნას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თითქმის ავტომატურად გამორიცხავს სომხეთის ენერგო ტრანზიტში მონაწილეობას, რაც საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ერთადერთი პოტენციური საფრთხე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობას ემუქრება სამხრეთის დინების მილსადენია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ რუსეთის ეს გეგმა ყველაზე ამბიციური და ძვირი მილსადენის პროექტია მსოფლიოში და ამასთან, რუსეთს არც ფინანსური და არც ტექნოლოგიური შესაძლებლობა არ აქვს პროექტის განსახორციელებლად, საქართველო ჯერ ისევ რჩება ენერგო დერეფნის უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ენერტომატარებლების ტრანზიტი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს. ამისთვის საღი ენერგო პოლიტიკის ქონა, ინვესტიციების მოზიდვის გრძელვადიანი გეგმა და ენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების ხელშეწყობაა საჭირო. მაგრამ როგორც სხვა ყველაფერი, ესაც ადეკვატური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასთანაა დაკავშირებული, რაც საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა. თუ როგორ გაართმევს თავს ამ დავალებას სააკაშვილის ადმინისტრაცია და გაითვალისწინებს თუ არა საფრთხეებს, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების პრივატიზაციასთანაა დაკავშირებული, ამას რამდენიმე წელში ეკონომიკური მდგომარეობა გვიჩვენებს.