WSJ: ტრამპისა და კრემლის კავშირის გამოძიებაში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთნენ

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირების გამოსძიებაში სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა ნაფიცი მსაჯულების ჩართვა გადაწყვიტა. გამოცემის ცნობით, ნაფიცი მსაჯულები ჩართულნი იქნებიან მტკიცებულებების შემოწმებისა და მოწმეების დაკითხვის საქმეში.

გაზეთი ამტკიცებს, რომ ნაფიცი მსაჯულები უკვე რამდენიმე კვირაა ამ საქმეზე მუშაობენ და სავარაუდოდ, გამოძიება კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.

მალერი და მისი იურისტების ჯგუფი ცდილობენ გაარკვიონ იყო თუ არა კავშირი რუსეთსა და ტრამპის გუნდის წევრებს შორის წინასაარჩევნო კამპანიისას. პრეზიდენტი ტრამპი ამგვარი კავშირის შესაძლებლობას უარყოფს და გამოძიებას მან რამდენჯერმე "კუდიანებზე ნადირობაც" უწოდა.