ვაშინგტონში პრეზიდენტ ბუშის პანაშვიდი დაიწყო

შეერთებული შტატების კონგრესის შენობასთან დღეს დილიდან მგლოვიარეთა გრძელი რიგი დადგა. ვაშინგტონში, რიგითი ამერიკელები და ოფიციალური პირები პატივს მიაგებენ ამერიკის 41-ე პრეზიდენტს, უფროს ჯორჯ ბუშს. ის ვაშინგტონში ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში საპატიო ესკორტით გადმოასვენეს.

ოთხშაბათს ექსპრეზიდენტს ეროვნულ საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ხუთშაბათს კი ტეხასის შტატში აგებულ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალავენ, მეუღლის და შვილის გვერდით.

ექსპრეზიდენტს პატივი მიაგეს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ისინი მოგვიანებით, დაკრძალვაზე დასწრებასაც გეგმავენ.

ჯორჯ ბუში შეერთებული შტატების პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით აირჩიეს. ის ბოლო წლები ხშირად ავადმყოფობდა და 94 წლის ასაკში ტეხასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.