მეტრდოტელობის ხიბლი და სარგებელი მაღალმთიან აჭარაში

ადგილობრივებს მაღალმთიან აჭარაში მთელი გულით სწამთ, რომ იქ სადაც ადამიანები მთებზე ჩამოკიდულ სახლებში ცხოვრობენ და სარჩო-საბადებელი ციცაბო ფერდობებზე მოჰყავთ, სადაც გზები ღორღიანი, მეწყერსაშიში, მიუვალი, მაგრამ სუნთქვისშემკვრელად ლამაზია, ეკო-ტურიზმი განვითარდება.

ეს რწმენა უტოპიური ჩანს, მაგრამ ის ენთუზიაზმი, რითაც მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები ამ პროექტს ავითარებენ, გადამდები და იმედებით ამვსებია. რატომ უნდა დაინტერესდეს და მოვიდეს უცხოელი ტურისტი აჭარის მთებში, მაშინ, როდესაც ლამაზი ბუნება სხვა ქვეყანაშიცაა? – ამ კითხვის საპასუხოდ ადგილობრივებისგან დასაბუთებულ მტკიცებას მოისმენთ. აქ იციან გემრიელი საჭმლის მომზადება-დაფასება და სხვაკომპონენტების შესახებაც ფლობენ ინფორმაციას, რაც მაღალმთიან აჭარას ტურისტული პოტენციალის ზონად აქცევს.

ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან, დაახლოებით საათნახევრის სავალზე, სოფელ გობრონეთში ზებო ბოლქვაძეს ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს და სიამოვნებით გაგაცნობთ იმ უამრავი უცხოელი სტუმრის ამბავს, ვინც მასთან ყოფილა. მხოლოდ წელს, ივნისის პირველი ნახევრისთვის მისმა ოჯახმა უკვე ას უცხოელს უმასპინძლა. ზებო ბოლქვაძის სახლში სამი საძინებელია, მაგრამ თუ ტურისტული ჯგუფი დიდია, ზებოს მეზობლებიც მზად არიან სტუმრების დასახვედრად. უცხოელების ვიზიტების საკითხს ქედაში ეჭვნარევი ღიმილით ახლა უკვე აღარავინ უყურებს. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ბიზნესს აქ, მაღალმთიან აჭარაში მომავალი აქვს, ამიტომაც მისი განვითარების გზებზე ფიქრობენ.

ზებო პირველი იყო, ვინც ეს დაიჯერა და დღემდე ამაყად ყვება იმაზე, თუ როგორც იქცა მისი იდეა საქმედ, რის თაობაზეც ათი წლის წინ ყველა დასცინოდა.

„რომ იცოდეთ, ამერიკელების დამსახურებაა, მე რომ ასეთი რამ მომივიდა აზრად“, – გვეუბნება ზებო და გვიყვება, როგორ აღმოჩნდა მონტენეგროში, სადაც მისთვის საოჯახო სასტუმრო უნდა ეჩვენებინათ, თუმცა უამინდობის გამო ვიზიტი ჩაიშალა და მხოლოდ დოკუმენტური ფილმი ნახა მის შესახებ – ესეც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მისი ინსპირაციისთვის:

„მივხვდი, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა“, – გვეუბნება ზებო. „2005 წელს მონტენეგროში წავედი, როგორც მოყვარული მეფუტკრე, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ დავბრუნდი სრულიად სხვა იდეით. მანამდე ტურიზმის ასეთი მიმართულება თუ არსებობდა, არც ვიცოდი. იქ უნდა მივსულიყავით ერთ–ერთ ოჯახური ტიპის სასტუმროში, მაგრამ დეკემბრის თვე და თოვლი იყო, ამიტომ ვერ მივაღწიეთ ადგილამდე და მხოლოდ ვიდეო გვაჩვენეს. როგორც ნიუტონმა იყვირა „ევრიკა“, ისე ვიყვირე მაშინ მეც: მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე“.

2005–დან 2007 წლამდე გობრონეთში ტურიზმის მხოლოდ იდეა მუშავდებოდა. პირველი სტუმრები ზებოს გესთჰაუსმა 2008 წელს მიიღო. „ჩვენ სოფლებში მაშინ უგზობა, უშუქობა, უწყლობა იყო, ვინ მოვაო – იქვე მომაყარეს სიცილი. მე ბევრი ვიფიქრე, ჩამოსვლის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში არც გამიმხელია ეს იდეა ოჯახშიც კი. პრაქტიკულად არაფერი მქონდა ნანახი, არ ვიცოდი, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი რეალობაში და საქართველოში არც არავინ იცოდა, ამიტომ რთული იყო საქმის დაწყება. პლუს, ამდენი დაცინვა რომ იყო, მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მე მართალი ვარ და ამ ბიზნესს აქვს პერსპექტივა. საქმემ მაინც გაამართლა, დღეს ასზე მეტი ტურისტული ობიექტია ქედაში, შუახევსა და ხულოში. მხოლოდ გობრონეთში სამი გესთ ჰაუსია“, – ამბობს ზემო

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ერთ–ერთი პირველია, ვინც ადგილობრივ მოსახლეობას ზემო აჭარაში, ქედაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. მიმდინარე წლის განმავლობაში ორგანიზაცია, დაახლოებით ერთი მილიონი ევროს ღირებულების გრანტს გასცემს იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარი ბიზნეს–პროექტებით თავს მოაწონებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. იდეების მრავალფეროვნება და მრავალმხრივობა ასევე ექცევა CENN–ის ფოკუსში. მათ შორის, განსაკუთრებით საინტერესოა ერთი შეხედვით, არატრადიციული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები. სპექტრი ფართოა, დაწყებული ლურჯი მოცხარისა და ჰოლანდიური ვარდების მოყვანაში დახმარებით და დასრულებული საოჯახო სასტუმროებისა და გემრიელი კერძებისა და ღვინის დაგემოვნების ორგანიზებით.

ნატალია დავლიანიძე CENN ის კომუნიკაციების სპეციალისტი "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „ჩვენ კარგად შევისწავლეთ ქედაში არსებული პოტენციალი და მივხვდით, რომ ქედას ნამდვილად შეეძლო ეკო მიმართულებით, ეკოლოგიური ტურიზმის პრაქტიკის დანერგვა საქართველოში. ბათუმთან სიახლოვის გამო, მას შეუძლია იყოს სატელიტი ბათუმელი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის. ადგილებზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურიზმისთვის, ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომ მოტივირებულები ვართ, რომ ქედაში მოვიზიდოთ სხვადასხვა ტიპის ინვესტიციები, დაიხარჯოს თანხები და გაძლიერდნენ ადგილობრივები იმდენად, რომ მათ შეძლონ როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია ადგილობრივებთან მუშაობა ცნობიერების ასამაღლებლად და საინფორმაციო წყაროების მოძიებისთვის“.

ზემო აჭარაში მგზავრობისას, მიუხედავად იმისა, ღორღიან გზაზე გადაადგილდებით, თუ მოასფალტებულზე, სასიამოვნოდ გაგაოცებთ აბრებისა და მინიშნებების ხილვა, რაც მიგასწავლით დანიშნულების ობიექტის მდებარეობას. ასევე შთამბეჭდავია დამრეც ფერდობზე გაშენებული ვენახების ხილვა ვაზის იშვიათი ჯიშებით და იქვე ორგანიზებული მარნები, სადაც ღვინის დეგუსტაციაცაა შესაძლებელი.

ნოდარ შერვაშიძე, მეღვინე სოფელი პირველი მაისიდან, რომელიც მშვენივრად მოვლილ კარ–მოდამოში უამრავ ტურისტს მასპინძლობს, გვეუბნება, რომ ამ ბიზნესით, სულ მცირე, 1500 ლარის შოვნა შეიძლება თვის განმავლობაში.

„ის ღვინო, რაც ჩემ ვენახებში მომყავს, ჩემი ვიზიტორებისთვისაა გათვლილი. მაქვს საოჯახო მარანი, ვმუშაობ ტურ–ოპერატორებთან, რომლებსაც ზემო აჭარაში ექსკურსიის შემთხვევაში, ჩემთან მოჰყავთ ტურისტები ღვინისა და კერძების დეგუსტაციისთვის. სერვისში შედის ლანჩი, ოთხი სახეობის ღვინის გასინჯვა, მათ შორის სამი ნახევრად ტკბილი, ერთი მშრალი და ჭაჭა. გასულ წელს ჩემს მარანში 7 ათასი ტურისტი იმყოფებოდა. წელს, ახალი წლის შემდეგ, ათას ხუთასამდე ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. ჩვენ ვთავაზობთ ნაციონალურ კერძებს, როგორიცაა დოშორვა, სინორი, კაიმაღი, ბორანო... მე დავამტკიცე, რომ სოფელში შეიძლება ცხოვრება“.

ზემო აჭარა და ქედის მუნიციპალიტეტი ელექტრონული საძიებო სისტემებით მარტივადაა მისაწვდომი. მთებში შეკიდული სოფლების მაცხოვრებლები კარგად აცნობიერებენ თანამედროვე ტექნოლოგიების აუცილებლობას. უმეტესობა, ცდილობს, საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში განათავსოს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ქედა მალე ევროკავშირის ტურისტულ რუკებზე აღმოჩნდება.