უამინდობის გამო ერაყის ქალაქ მოსულში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო ოპერაცია შეფერხებულია. ამ ფონზე, ნორვეგიის ლტოლვილების საბჭო აცხადებს, რომ ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი საფრთხის ქვეშაა.
“მძიმე შედეგებისთვის ვემზადებით. ქალაქში მყოფი 1,2 მილიონი სამოქალაქო პირი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას და ერაყის მომავალი სასწორზე დევს,” განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ გრესმანმა.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის განცხადებით, ათასობით სამოქალაქო პირმა მოსული უკვე დატოვა. ბევრი ადამიანი სნაიპერებისა და ნაღმების მსხვერპლი გახდა. მათ, ვინც ქალაქში დარჩა, სასმელი წყალი, სურსათი და მედიკამენტები შეზღუდული რაოდენობით აქვთ. სამხედრო ოპერაციის გაგრძელებასთან ერთად, კიდევ უფრო გაჭირდება მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ერაყის სპეც-დანიშულების დანაყოფები დღეს ქალაქის გარეუბნებს მიუახლოვდნენ. მოსულიდან “ისლამური სახელმწიფოს” განდევნის სამხედრო ოპერაცია ორი კვირის წინ დაიწყო.