გასულ უქმეებზე მოსკოვში ათეულ ათასობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩებში. პრემიერი პუტინი მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების პროვოცირებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს აბრალებს. სპეციალისტები კი ამ ფაქტს რუსეთში ინტერნეტ-მედიის და კერძოდ, სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდას უკავშირებენ. მათ შორის უკანასკნელი ოპოზიციური გამოსვლის ორგანიზებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ინტერაქტიულმა სოციალურმა პორტალმა სახელწოდებით „ვ-კონტაკტე“. როგორც ცნობილია, რუსეთში ინტერნეტზე ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტს მიუწვდება ხელი.
დანილა ლინდელი მოსკოვის ქუჩაში დგას და „თვითერის“ მეშვეობით რევოლუციაზე შეტყობინებას აგზავნის. 23 წლის ახალგაზრდა ყმაწვილს დედის ხელით მოქსოვილი სვიტერი აცვია. ახალი თაობის აქტივისტისთვის „აი-ფედი“ უფრო ნაცნობი და მისაღებია, ვიდრე მეგაფონი.
“როდესაც დღეს გამოსვლებზე ვსაუბრობთ, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ინტერნეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მათ ორგანიზებაში. ტელევიზიას ხომ არაფერი ამის მსგავსი არ გადაუცია. ყველანაირ ინფორმაციას „თვითერით“, „ფეისბუქით“ და „ვ-კონტაქტე“-ს საშუალებით ვიღებთ“ - ამბობს ის.
უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე „იუ-თუბზე“ უთვალავი ვიდეომასალა გაჩნდა, რომელიც მმართველ პარტიას „ერთიანი რუსეთი“ გაყალბებებში ამხელდა და ფაქტებს ვიდეოფირების საშუალებით ადასტურებდა. არცერთი მათგანი რუსულ ტელევიზიას არ გადაუცია.
22 წლის სტუდენტმა, დენის კონდრატენკომ, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა პირველად მიიღო. ისიც იმ დრამატულ განსხვავებაზე საუბრობს, რომელიც ტელევიზიის მიერ გადაცემულ მასალებში და ინტერნეტზე მოპოვებულ ინფორმაციას შორის არსებობს.
„კარგად ვიცი რეალური ციფრი, რაც არჩევნებზე „ერთიანმა რუსეთმა“ მიიღო. მათ ამომრჩეველთა ძალზე მცირე რაოდენობამ მისცა ხმა. ამიტომაც აღდგა ხალხი და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგას. ისინი სამართლიან და წესიერ არჩევნებს მოითხოვენ. და არა იმას, რასაც ტელევიზია გადასცემს“ - აცხადებს ახალგაზრდა დამკვირვებელი.
რუსული გრანდიოზული საძიებო ვებ-გვერდის „იანდექსის“ მიხედვით ქვეყანაში დღეს მილიონზე მეტი „თვითერის“ მომხმარებელია. გასული წლის მონაცემთან შედარებით ეს ციფრი 5-ჯერ მეტია. „ფეისბუქზე“ კი მოსკოვის საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მიღებას 40 ათასმა წევრმა მოაწერა ხელი.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ცდილობდნენ საპროტესტო აქცია „საშიშ თავყრილობად“ მოენათლათ. მაგრამ დემონსტრაციის მონაწილეები ფრთხილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ძნელი არ არის ინტერნეტზე იმ ინფორმაციის მოძიება, თუ როგორ ახდენს პოლიცია ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ პროვოცირებას.
მაშა ლიპმანი კარნეგის ცენტრის მოსკოვის ფილიალიდან, აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ინსტრუმენტი, მაგრამ გამოსვლების პროვოცირებაში მთავარი როლი ისევ მთავრობამ ითამაშა, რომელმაც არჩევნები მასიურად გააყალბა
“როგორც კი ადამიანებს სახლში ჯდომის და ბუზღუნის ნაცვლად ქმედების სურვილი გაუჩნდათ, ინტერნეტი არენაზე სწორედ მაშინ გამოჩნდა და აქციის დაგეგმვაში და ორგანიზებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აქ მოსული ხალხის რაოდენობა მართლაც უპრეცენდენტო იყო“ - შენიშნავს ქალბატონი ლიპმანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვს ამ მასშტაბის აქცია არ უნახავს. ორგანიზატორები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს ინტერნეტის დამსახურებაა.
„მინდა მივესალმო „თვითერს“ და „ფეისბუქს“. გაუმარჯოს ინტერნეტს! დღეს სოციალური მედიის წყალობით ისინი ძველებურად ვეღარ გვაკონტროლებენ“ - ამბობს მწერალი სერგეი სერგუნოვი და თითს კრემლისკენ იშვერს.
ქალბატონი ლიპმანი კარნეგის ცენტრიდან კი დასძენს, რომ მხოლოდ ინტერნეტის გაფეტიშებაც არ შეიძლება. მთავარი მოქმედი პირი აქ რუსი ხალხია და რუსული ნება. „რევოლუციები ხომ ინტერნეტის გამოგონებამდეც არსებობდა, რადიო და ტელევიზიის შექმნამდეც კი“- ამბობს ის და იხსენებს რუსეთში 20 წლის მიმდინარე საერთო-სახალხო გამოსვლებს, რომლებშიც სულ ცოტა 10-ჯერ მეტი ადამიანი მონაწილეობდა.