ტრამპი: "ეს პოლიტიკური აგრესია მედიის ბრალია"

პოლიცია აგრძელებს გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ გაუგზავნა დემოკრატიული პარტიის ლიდერებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ტელეკომპანია CNN-ს ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ქვეყანაში არსებული ვითარების, პოლიტიკური აგრესიისა და ბრაზის გავრცელებაში კვლავ მედიას ადანაშაულებს.

"იმ ბრაზის დიდი ნაწილი, რასაც ჩვენ დღეს საზოგადოებაში ვხედავთ, გამოწვეულია იმ ყალბი და არაზუსტი ინფორმაციით, რომელსაც მედიასაშუალებები განზრახ ავრცელებენ", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე" ხუთშაბათ დილით. "ეს მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, იმდენი სიძულვილია, რომ ამის აღწერაც კი რთულია. მედიამ თავისი ქმედებები უნდა გაასუფთაოს, სწრაფად!" - დაწერა პრეზიდენტმა.

გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე დემოკრატისთვის გაგზავნილი ბომბების აღმოჩენის შესახებ. თავდაპირველად, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ჯორჯ სოროსის საფოსტო ყუთში, შემდეგ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონებისთვის გაგზავნილ ამანათებში, შემდეგ ტელეკომპანია CNN-ის ოფისის ფოსტაში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა ამ ამანათისთვის, "უკან დასაბრუნებელ" მისამართად ასევე დემოკრატი კონგრესის წევრის, ფლორიდის შტატის წარმომადგენლის ოფისის მისამართი იყო მითითებული. დღეს, ცნობილ იგახდა ასევე საეჭვო ამანათისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, რომელიც მსახიობ რობერტ დე ნიროს კუთვნილი კომპანიის მისამართზე გაიგზავნა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი ამანათი გაუგზავნეს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც. "გამოძიების ფედერალური ბიურო" ადასტურებს, რომ ამ დროისთვის აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთმანეთის მსგავსია. გამოძიების სხვა მიგნებები ჯერჯერობით უცნობია.