მოლდოვის ვიცე-პრემიერი: გვსურს საქართველო ჩვენ გვერდით - ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს ნაწილად ვიხილოთ

მიჰაილ პოპშოი

მოლდოვაში, პრაქტიკულად ქართული არჩევნების პარალელურად, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების ორი რაუნდი და რეფერენდუმი. მოქმედი პრეზიდენტის მეტოქის მხარდამჭერი პრო-რუსი ოლიგარქების მიერ ამომრჩეველთა დაუფარავი მოსყიდვის, დეზინფორმაციის, დივერსიული ჯგუფების მოქმედების და კრემლის სხვა არაერთი მეთოდის გამოყენების მიუხედავად, პროდასავლელმა პრეზიდენტმა და დასავლურმა არჩევანმა გაიმარჯვა - მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის კონსტიტუციაში შეტანას დაუჭირა.

ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ქვეყნის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სურს, საქართველოც მის გვერდით იხილოს - თავისუფალი სამყაროს ნაწილად, რადგან მისი თქმით, ნამდვილი მშვიდობა სწორედ ევროკავშირია და არა მოსკოვის ტყუილები. მოლდოვის პრეზიდენტმა და პრემიერმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს და დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ. მოლდოვის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ძალადობა არასდროსაა გამართლებული პასუხი. მიჰაილ პოპშოის ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრეთ.

- მინისტრო, მადლობა “ამერიკის ხმაში” მოსვლისთვის. ვაშინგტონში არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩამოხვედით. არჩევნებიდან, რომლის შედეგსაც ევროპაში ბევრი სუნთქვაშეკრული ელოდა. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მისმა გუნდმა “უსამართლო ბრძოლაში პატიოსნად იბრძოლა და გაიმარჯვა”. გვითხარით, რატომ იყო ეს უსამართლო ბრძოლა და როგორ მოახერხეთ გამარჯვება?

- ეს ნამდვილად რთული კონკურენცია იყო. ეს იყო კრემლისა და მისი სატელიტების მხრიდან თანამედროვე დემოკრატიაზე თავდასხმა. მაგრამ, მოლდოველმა ხალხმა აჩვენა გამძლეობა. პრეზიდენტმა სანდუმ კი დაარწმუნა მოლდოველი ამომრჩეველი, რომ ჩვენი კურსი - ევროპული ინტეგრაცია უნდა გავაგრძელოთ, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, დემოკრატიისთვის და ამას მოლდოველმა ხალხმაც უპასუხა. ეს არ იყო ადვილი. სინამდვილეში, ჩარევის და რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის მასშტაბი, რაც მოლდოვაში გამოიყენეს, საკმაოდ მძიმე იყო.

მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკისთვის ერთგვარი საცდელი ველია. ამ ყველაფერს გავუძელით და გზა გავაგრძელეთ. შევძელით, რომ პრეზიდენტი სანდუ თავიდან აერჩიათ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დემოკრატიულ გარემოში მოქმედი პრეზიდენტი თავიდან აირჩიეს მიუხედავად იმისა, რამდენი გამოწვევა ჰქონდა საზოგადოებას, მათ შორის ინფლაცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მოლდოვა უკრაინაში ომით ყველაზე მეტად დაზარალდა.

რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მოლდოვის მისწრაფება - იყოს ევროკაშირის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, როგორღაც ომს გამოიწვევს. სიმართლისგან ამაზე შორს ვერაფერი იქნება. უკრაინაში ომი მხოლოდ კრემლის არჩევანია, ამ შიშის ტაქტიკად გამოყენება წარმოუდგენლად ცინიკურია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლდოვის საზოგადოებამ აირჩია, რომ დარჩეს არჩეულ კურსზე და უერთგულოს ჩვენს ამბიციას - ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნების ამბიციას, გააგრძელოს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდირების გზა, კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და პრეზიდენტ სანდუსთვის მეორე ვადის მინიჭება. ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ სამუშაოც ბევრი გვაქვს, ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ ვიქნებით იგივე მასშტაბის ჩარევის პირისპირ, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები და გავუძლოთ, ან გავუმკლავდეთ საფრთხეებს.

- თქვენ მოლდოვის არაერთი გამოწვევა ახსენეთ, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გართულებული მდგომარეობა და პრობლემები, რომელთა გამოყენებასაც კრემლი ცდილობს. განსხვავება საპრეზიდენტო კანდიდატების ხმებს შორის მცირე იყო. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ მას ესმის იმ ხალხის ხმა, ვინც მხარი არ დაუჭირა და ამაზე იმუშავებს. რა აჩვენა ამ შედეგებმა, საკმარისად სერიოზულად იყო აღქმული რუსეთის გავლენის შესაძლო მასშტაბი? და რა საკითხებზე სჭირდება პროდასავლურ მთავრობას ხალხთან მეტი მუშაობა?

- ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც კრემლი ძალიან დიდი ძალისხმევით მუშაობს, არის ომის შიში და მასზე შფოთვა. ნარატივი, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ, ისაა, რომ მოლდოვის მისწრაფება და ამბიცია, იყოს ევროკაშირის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, როგორღაც ომს გამოიწვევს. სიმართლისგან ამაზე შორს ვერაფერი იქნება. უკრაინაში ომი მხოლოდ და მხოლოდ კრემლის არჩევანია, მხოლოდ კრემლის გადაწყვეტილებით დაიწყო და ნებისმიერ დღეს შეიძლება [ასევე] შეწყდეს. და რეგიონში, მათ შორის, მოლდოვაში, ამ [ომის] შიშის ტაქტიკად გამოყენება, წარმოუდგენლად ცინიკურია, თუმცა ამავე დროს არც მაინცდამაინც ახალი. ეს იმ თამაშის წესების ნაწილია, რასაც უკვე დიდი ხანია იყენებენ.

საკმაოდ ეფექტურად შევძელით ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი ტრადიციული პარტნიორებისთვის - ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორად ყოფნაა მოლდოვის უსაფრთხოების გარანტია. ესაა კეთილდღეობისა და განვითარების გარანტია. მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობას ეს ესმის, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ ბევრია პროპაგანდის მსხვერპლი და ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხესთან გასამკლავებლად ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება.

ასევე ნახეთ: ბლინკენი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად ემზადება

- მომავალ წელს ქვეყანაში საპარლამენტი არჩევნებია, რომელიც უკვე მიიჩნევა კრემლის კიდევ ერთ სამიზნედ. რა გამოცდილება მოგცათ ოქტომბრის არჩევნებმა და მისმა შედეგებმა საიმისოდ, რომ მომავალ არჩევნებს უკეთ მომზადებულები შეხვდეთ, რა დევს სასწორზე ამ არჩევნებზე?

- პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ყველა არჩევნებზე ქვეყნის მომავალი დევს სასწორზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა უკრაინაში ეს უზარმაზრი კონფლიქტია, ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. რა თქმა უნდა კრემლს ესმის, რომ მოლდოვა ღუზას უშვებს ევროპაში და ეს ქვეყნის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური არჩევანია.

ცხადია სწორედ ეს დევს სასწორზე, მოლდოვის ევროპული მომავალი, რადგან პრორუსული ძალები ცდილობენ ეს პროცესები შეაფერხონ და შეაჩერონ, და მოლდოვის მიერ თავისუფალ სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ძირი გამოუთხარონ. მოქალაქეებს ესმით, რა დევს სასწორზე. ჩვენ ვნახეთ ეს ამ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზეც, რომ მიუხედავად კრემლის ჩარევის, გავლენის, ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობისა, მოსახლეობის უმრავლესობამ ხმამაღლა და გარკვევით თქვა, რა სურს. გვესმის, რომ საპარლამენტო არჩევნებში კრემლი გაორმაგებული ძალებით ეცდება იგივეს. ჩვენ კი გულმოდგინედ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა თითოეულ მოქალაქესთან. მიუხედავად იმისა, რა ენაზე საუბრობენ, როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვთ, ისინი უნდა ჩავრთოთ გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესში, რადგან ესაა ნორმალური სამუშაო პოლიტიკოსებისთვის- გესმოდეს მათი შფოთვა. ზოგი მათგანი შეიძლება რუსული პროპაგანდის შედეგი იყოს, ნაწილი კი ლეგიტიმური პრობლემები.

Your browser doesn’t support HTML5

პოპშოი: ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ხმას შეისმენენ

- თუმცა ეს არჩევანი პირველ ტურში არც ისე მკაფიო იყო, მეორე ტურშიც ეს გამარჯვება დიდწილად დიასპორის დამსახურება იყო….

- ძნელია იპოვოთ დემოკრატიული გარემო, სადაც კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან დიდია, ეს მხოლოდ არადემოკრატიულ გარემოში ხდება, სადაც შედეგი წინასწარაა გაწერილი და განსხვავებები ასტრონომიულია. კონკურენტულ დემოკრატიულ გარემოში კი კონკურენტული არჩევნები ნორმალურია. მით უმეტეს ახლა, როცა ქვეყანაში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ინფლაციაა, ჩვენს თავზე რაკეტები და დრონები დაფრინავს. ფაქტი, რომ დადებითი შედეგი მივიღეთ, დიდი გამარჯვებაა. ცხადია, გვსურს ამ წარმატების გამყარება საპარლამენტო არჩევნებით და ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ, უზრუნველვყოთ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. რადგან სწორედ ესაა, რისთვის ძირის გამოთხრასაც კრემლი ცდილობს.

ისინი ცდილობენ შექმნან აღქმა, რომ სიტუაცია უარესდება, და რომ მოვლენები სწორი მიმართულებით არ ვითარდება. და არა მხოლოდ ასეთი განწყობა შექმნან, არამედ გავლენაც მოახდინონ მოვლენებზე, რეალობაზე, იქნება ეს ენერგო ბერკეტები, უსაფრთხოების რისკები რეგიონში თუ სხვა. ინვესტორების რიგი არ დაგვიგდება, თუკი უსაფრთხოების გამოწვევები გვექნება. ჩვენ კი ბევრს ვმუშაობთ ინვესტორების მოსაზიდად. იმედია შევძლებთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ამერიკელი ინვესტორების დაინტერესებას, რათა შევძლოთ, და როდესაც უკრაინის აღმშენებლობის დრო დადგება, ჩვენ ჩვენი ინფრასტრუქტურაც მზად გვქონდეს დასახმარებლად და ამაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე ნახეთ: ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნებში შესვლას უკრძალავს

- რას ნიშნავს უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ან დამარცხება მოლდოვისთვის? რა დევს სასწორზე უკრაინის ომში თქვენი ქვეყნისთვის?

- ეს ნათელია: სასწორზე მოლდოვის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაა. ომის პირველ კვირებში ქვეყანაში ძალიან დიდი შიში იყო, რომ პუტინის ჯარი ჩვენს საზღვრებსაც მოადგებოდა, ამას ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირი ღიადაც ამბობდა. მაგრამ უკრაინელი ხალხისა და ჯარის უდიდესი სიმამაცისა და თავგანწირვის შედეგად - რომლისაც დასავლეთში ბევრს არ სჯეროდა, უკრაინამ აჩვენა, რომ შესანიშნავად გამძლე, მამაცი და წინააღმდეგობისუნარიანია - უკრაინა იმდენადვე გვიცავს ჩვენ, რამდენადაც საკუთარ თავს. ჩვენთვის ეს ფრაზები აბსტრაქტული ცნებები არაა. ეს ჩვენთვის არც მხოლოდ ღირებულებების საკითხია. ჩვენთვის ეს ასევე გადარჩენას ნიშნავს. იმის გამო, რომ უკრაინამ შეძლო და თავისი თავი, და უფრო ფართოდ, მოლდოვაც დაიცვა, ჩვენ სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით.

ჩვენთვის ეს არც აბსტრაქტული ცნებებია და არც მხოლოდ ღირებულებების საკითხი, ჩვენთვის ეს გადარჩენას ნიშნავს. იმის გამო, რომ უკრაინამ შეძლო და საკუთარი თავი და მოლდოვაც დაიცვა, ჩვენ სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით.

სწორედ ამიტომ ვეხმარებით უკრაინას, როგორც შეგვიძლია, კარი გავუღეთ ლტოლვილებს და ა.შ. სანამ არსებობს იმის აღქმა, რომ კრემლს უკრაინაში გამარჯვების შანსი აქვს, ეს მთელ რეგიონში შოკის ტალღებს უშვებს და რა თქმა უნდა მოლდოვაშიც გამუდმებულ შფოთვას იწვევს. ჩვენ გვამხნევებს ის, რომ მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილი პროფესიონალების კანდიდატურებია დასახელებული. გვამხნევებს “სიძლიერით განპირობებული მშვიდობის” იდეაც, რადგან მშვიდობაა ის, რაც გვჭირდება და ძალაა ის ერთადერთი რამ, რაც პუტინს ესმის.

- რატომ მოექცა მოლდოვა კრემლის მავნე გავლენის ასეთ ფოკუსში, რის მიღწევა სურს მოსკოვს თქვენს ქვეყანაში და როგორ უმკლავდებით ამ ძალისხმევას?

- რა თქმა უნდა, კრემლს რეგიონში გავლენის სფეროების შენარჩუნება და გაძლიერება სურს. ცდილობს მოლდოვის მსგავს ქვეყნებს წაართვას სუვერენიტეტის უფლება, შესაძლებლობა, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მავნე ჩარევასა და გავლენას გავუმკლავდეთ, და ქვეყანა თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. რომ მივცეთ ხალხს ის, რასაც დავპირდით, საშუალება, რომ საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს, არ დაექვემდებაროს კრემლისგან მომავალ წნეხსა და ჩარევას.

ძნელია გაიგო, რა არის კრემლში მყოფთა გონებაში, მაგრამ ნათელია, რომ ისინი მსოფლიოს ისე უყურებენ, რომ ერთის გამარჯვება, მეორის დამარცხებას ნიშნავს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება რაღაცნაირად მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოლდოვას საკუთარი ინტერესები აქვს, საკუთარი ქვეყანა, რომლის ბედსაც დემოკრატიულ არჩევნებში ვწყვეტთ. კრემლის პერსპექტივა ჩვენთვის ახლა ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ მშვიდობა გვსურს, და კარგი ურთიერთობები. ამიტომ ვეხმარებით ასე უკრაინას, ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, მოსახლეობაზე გაანგარიშებით, ყველაზე მეტი ლტოლვილი მივიღეთ, 2.5 მილიონიან ქვეყანაში მილიონ-ნახევარზე მეტი. ჩვენთან დღემდე 100 000-ზე მეტი ლტოლვილია, უმეტესად ქალები და ბავშვები, მათ განათლებასა და ჯანდაცვაზე, დასაქმებაზე სრულად მიუწვდებათ ხელი. შესაძლოა ესეც აღიზიანებს კრემლს. მაგრამ ეს ერთადერთი მორალური გზაა, ერთადერთი ქრისტიანული გზა. ჩვენი მოქალაქეების მოლოდინის შესაბამისად ვიქცევით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან სწორედ ასე იქცევიან მეზობლები.

ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ინსტიტუტები, ამაში ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვეხმარებიან. ვცდილობთ გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაციები, თავდაცვა, დაზვერვა, ეკონომიკური მდგრადობა, რადგან სწორედ ამის იარაღად გამოყენებას ცდილობს რუსული პროპაგანდა. დევნილი ოლიგარქების ნაწილი, ვინც ძალიან ახლოსაა რუსეთთან, ვინც მოლდოვას უდიდესი სიღარიბე დაუტოვა, ახლა ძალიან ცინიკურად ცდილობს ამ სიღარიბის პრორუსული დღის წესრიგის სასარგებლოდ გამოყენებას. ეს არ იმუშავებს, რადგან მოლდოველები აჩვენებენ, რომ მათ აღელვებთ და სურთ დემოკრატია, სულერთია რამდენად ძლიერ ეცდებიან პრორუსული ძალები, რამდენ ფულს დახარჯავს კრემლი მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის, ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება. ამაში ჩვენი პარტნიორებიც გვეხმარებიან, რადგან, როცა რუსები ამგვარ ჰიბრიდულ ტაქტიკას მოლდოვაში ცდიან, თუ ის წარმატებული იქნება, ისინი ამას, სხვა, თავისუფალი სამყაროს წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებენ. ასე რომ, ყველას ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსულ კიბერთავდასხმებს თუ სხვა ტაქტიკას მოლდოვა წარმატებით გაუმკლავდეს, რათა ეს მეთოდები სხვაგან არ იყოს გამოყენებული.

ასევე ნახეთ: ცაჰკნა: ნიღბები ჩამოცვენილია, მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან შორს მიუძღვება

- საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილ მდგომარეობას, მოქალაქეთა პროტესტს და ამ პროტესტზე ძალისმიერ რეაგირებას გამოეხმაურნენ მოლდოვის პრეზიდენტი და პრემიერიც. პრეზიდენტმა სანდუმ თქვა, რომ ქართველებს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს, პრემიერმა კი განაცხადა, რომ კიშინიოვი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ რას ფიქრობთ, რა და რატომ ხდება ახლა საქართველოში?

- ნამდვილად სამწუხაროა ამ ესკალაციის, კონფლიქტის ხილვა, მაგრამ ამავე დროს გვესმის, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს, ისევე როგორც მოლდოველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ნაწილად სურს ყოფნა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თავისი მომავალი და ჩემგან შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება უადგილო იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ძალიან გვაღელვებს, რა მოხდება ჩვენი მეგობრის თავს, ძალიან მტივნეულია ამ ესკალაციის ნახვა. ქართველი მეგობრებისთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს. ცხადია, გვინდა, რომ ისინი ჩვენთან ერთად, ევროკავშირის წევრებად ვიხილოთ, თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ხმას შეისმენენ, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანია სწორედ ის, რომ მოუსმინო შენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერას.

- საქართველო და მოლდოვა ბევრ კონტექსტში განიხილებოდა ერთად, მათ შორის რუსეთის საფრთხეების კუთხით. თქვენ მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებთ, ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს “რუსულ სპეცოპერაციას” უწოდებს. მართალია, მოლდოვასა და საქართველოში განსხვავებული პოსტ-საარჩევნო რეალობა შეიქმნა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ ორ ქვეყანაში რუსეთს მსგავსი ინტერესები აქვს?

- ნამდვილად ასეა, თუმცა არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში. ყველგან მსგავსი მეთოდების გამოყენებას ცდილობენ. ესაა სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, ანტაგონიზმის შექმნისა და საზოგადოებაში დაყოფის, დაპირისპირების [ბოროტად] გამოყენების მცდელობა. აქ არაფერია ახალი. მნიშვნელოვანია [ქვეყნის] შიგნით იმ შესაძლებლობების პოვნა, რომ ამ მავნე გავლენას გავუმკლავდეთ. ეს ჩვენს შიგნით დაყოფის მცდელობებია. ჩვენ გვესმის ქართველი ერის ტკივილი, რომელიც ამ გამოწვევის პირისპირაა ისევე, როგორც მოლდოვა და ჩვენს ქართველ მეგობრებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

- ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს. სანქციები გამოაცხადა უკრაინამაც. როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება მოლდოვა-საქართველოს ურთიერთობები და რას შეიძლება ველოდოთ თქვენი მთავრობისგან?

- ჩვენ ნამდვილად უმკაცრესად დავგმეთ ძალადობა. ძალადობა არასდროსაა [შესაბამისი] პასუხი. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დემოკრატიულ პროცესს, დემოკრატიული წესებით მოქმედებას. ძალადობას ამ კონტექსტში ადგილი არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას და ჩვენს პოზიციებსაც შესაბამისად შევცვლით. როგორც გითხარით, ქართველი ხალხისთვის მხოლოდ საუკეთესო სურვილები გვაქვს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ევროპული ერების ოჯახში, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია.