მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მაია სანდუ პირობას დებს, რომ დასავლეთსა და რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა ექნება. ამასთან, მისი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა და ინვესტიციების მოზიდვა იქნება. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა.
წინასწარი მონაცემებით, მაია სანდუმ, პროფესიით ეკონომისტმა, პრო-რუსულად განწყობილი მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით დაამარცხა. ბევრი დამკვირვებლისთვის ეს არჩევნები იმის მანიშნებელი იყო, მოლდოვა მოსკოვთან კავშირების გაძლიერებას განაგრძობდა თუ ევროკავშირთან დაახლოებას დაიწყებდა.
ასევე ნახეთ: მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას სანდუმ თქვა, რომ მის საგარეო პოლიტიკაში დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსი დაცული იქნება.
"ჩვენ გვექნება პრაგმატული დიალოგი ყველა ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასან, რუმინეთთან, ევროპულ ქვეყნებთან, რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლა იქნება და ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად უცხოური ინვესტიციების მოზიდვა: "
"გაუმჯობესება ყველამ უნდა დაინახოს. ეს მოიცავს იმ ხალხსაც, ვინც ჩემს ოპონენტს დაუჭირა მხარი. მე გეუბნებით: თქვენ არ წაგიგიათ, აქ გამარჯვებულები და დამარცხებულები არ არიან, მე თქვენს მხარდაჭერად კონკრეტული ქმედებებით მოვიპოვებ", -მიმართა სანდუმ მოსახლეობას.
ქვეყანაში არსებობდა შიში არჩევნების შემდგომ შესაძლო არასტაბილურობისა. თუმცა დოდონმა დამარცხება მალევე აღიარა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყნის დესტაბილიზაცია დაუშვებელია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დოდონს ღიად უჭერდა მხარს, სანდუს გამარჯვება მალევე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მმართველობის ქვეშ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კონსტრუქციულად განვითარდება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ: ეუთო: მოლდოვაში უარყოფითმა რიტორიკამ და კამპანიის დაფინანსების არაეფექტურმა წესებმა არჩევნები დაჩრდილა
სანდუს გამარჯვებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეინიც. "თქვენი გამარჯვება არის ნაღელი მოწოდება კორუფციასთან ბრძოლის და კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ - ესაა გზა კეთილდღეობისკენ. ევროკავშირი მხადაა მხარი დაუჭიროს მოლდოვას", - დაწერა ვონ დერ ლეინმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 100 %-ის დათვლის შემდეგ, მონაცემების თანახმად, სანდუმ მეორე ტურში ხმების 57.75 % მიიღო, მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით, 15 %-ით მეტი. არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52% იყო - 10 %-ით იმაზე მეტი , ვიდრე პირველ ტურში.
"მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, კოვიდ-19-ით გამოწვეული სირთულეების ფონზე, კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ უარყოფითმა რიტორიკამ და კამპანიის დაფინანსების არაეფექტურმა წესებმა არჩევნები დაჩრდილა," - ასე შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ქვეყანაში გამართული არჩევნები.
“შეუწყნარებელი რიტორიკა თავად იქცა საარჩევნო კამპანიის თემად. მან გააღრმავა საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური ლიდერებისადმი საზოგადოების ნდობა დააზიანა,” - ვკითხულობთ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ რიგებისა და საარჩევნო უბნების გადატვირთულობის მიუხედავად, არჩევნების დღე მოწესრიგებული იყო. თუმცა განცხადების თანაზმად, მედიის მიკერძოება და პოლარიზაცია ამომრჩევლისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე აისახა.