მოლდოვისთვის პოლიტიკური კრიზისი უცხო არაა. თუმცა, ქვეყანამ ცოტა ხნის წინ კრიზისიდან გამოსვლა უჩვეულო კომპრომისით მოახერხა.
პრო-რუსულად განწყობილი „სოციალისტური პარტია“ და პრო-ევროპული პლატფორმა „აკუმ“ საერთო მეტოქის, არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ გაერთიანდა. პლატფორმა "აკუმ" (თარგმანში: ახლა) პრო-ევროპული ბლოკია, ხოლო "სოციალისტურ პარტიას" ზურგს მოსკოვი უმაგრებს.
კომპრომისი ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მოთამაშეებმა ერთიანი „მტრის“ წინაშე გაერთიანება მოახერხეს.
შეთანხმების მიღწევამდე, მოლდოვამ გრძელი გზა გავლო. საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში გაიმართა. 101 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 35 ადგილი "სოციალისტებმა" მოიპოვეს, პლაჰოტნიუკის მმართველმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ 30 მანდატი მიიღო, ხოლო პრო-ევროპულმა „აკუმის" ბლოკმა 26 ადგილი დაიკავა. დარჩენილი 10 ადგილი პლაჰოტნიუკთან დაკავშირებულმა პირებმა მოიპოვეს. ეს პლაჰოტნიუკს პარლამეტნში 40 ადგილს აძლევდა, რაც არ იყო საკმარისი ხელისუფლებაში კოალიციის გარეშე მოსასვლელად. 8 ივნისამდე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბლოკი „აკუმი“ უარს აცხადებდა მმართველ „დემოკრატიულ პარტიასთან“ თანამშრომლობაზე. ისინი არაფორმალურ მმართველს კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას აბრალებდნენ.
ჩუმი რევოლუცია
მიმომხილველების უმეტესობა ფიქრობდა, რომ დემოკრატიული პარტია სოციალისტების დახმარებით, ხელისუფლების შენარჩუნებას მოახერხებდა. მაგრამ პრო-რუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ყველა გააკვირვა, როცა მოსკოვში რამდენიმე სტუმრობის შემდეგ გადაწვეტია, რომ , "აკუმის" ბლოკის ლიდერთან მაია სანდუსთან შესულიყო კოალიციაში .
აღმოჩნდა, რომ პლაჰოტნიუკი, რომელიც უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა, აღარც კრემლისთვის იყო მისაღები.
შეთანხმების მიღწევას ბევრი დიპლომატია დასჭირდა. ქვეყანას ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და რუსეთის ოფიციალური პირები ესტუმრნენ. პირველად დიდი ხნის შემდეგ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, დასავლეთი და რუსეთი პრობლემის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ - პლაჰოტნიუკის წინააღმდეგ: ერთი მიზნით და სხვადასხვა მოტივებით.
ოლიგარქმა ძალაუფლება იოლად არ დათმო. პლაჰოტნიუკის მოკავშირეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, ბოლო წუთს შეკრებილი კოალიცია არალეგიტიმურად გამოაცხადეს და პრეზიდენტის, იგორ დოდონის თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირეს მხარი. სასამართლომ მისი მოვალეობის შემსრულებლად, „დემოკრატების“ პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. ფილიპმა პარლამენტი დაშალა და ახალი არჩევნები გამოაცხადა. ამის შემდეგ, პლატონიუკის პარტიამ სამთავრობო შენობები დაიკავა.
შვიდი დღის განმავლობაში, მოლდოვას ორი მთავრობა ყავდა: ერთი ოლიგარქის მხარეს, ხოლო მეორე, ახალი კოალიციის წარმომადნგელებით დაკომპლექტებული. საბოლოოდ, საგარეო და საშინაო ზეწოლის შედეგად, პლაჰოტნიუკმა თანამდებობა და ქვეყანა დატოვა.
ახლა მოლდოვის წინაშე ახალი გამოწვევაა: შეინარჩუნოს წარმოუდგენელი კოალიცია.
„ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის ნაბიჯი პლაჰოტნიუკის ჩამოსაშორებად, გადადგმულია იმისკენ, რომ დოდონი და მისი პარტია ხელუფლებაში მოიყვანოს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი „ატლანტიკური საბჭოდან“.
ის განმარტავს, რომ მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნისა, ცვლილება მოლდოვისთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
“რაც არ უნდა მოხდეს მოლდოვაში, ნათელია რომ ძალაუფლების სტურქტურა დაინგრა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ბატონი პლაჰოტნიუკი მეთაურობს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - ამბობს ჰერბსტი.
რთული პარტნიორობა
კოალიციაში შემავალ ამ ორ პარტიას, პლაჰოტნიუკის დაამარცხების შემდეგ საერთო ცოტა რამ დარჩათ. სოციალისტებს და კრემლს იმედი აქვთ, რომ "დემოკრატიული პარტიის" მიერ ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად დარჩენილი ხმების ნაწილს მიიღებენ.
„ეს ძალზე უცნაური შეთანხმებაა, რადგან ერთ მხარეს უფრო პრაგმატული პოლიტიკოსები არიან. ხოლო მეორე მხარეს - ბატონი დოდონია, რომელიც რუსეთის მითითებებით მოქმედებს... პლატონიუკის წინააღმდეგ ეს თანამშრომლობა არასტაბილურობის ნიშნებს შეიცავს“, - ამბობს ჰერბსტი.
სანდუს ბლოკისთვის კოალიცია შანსია აჩვენოს, რომ პარტიას პოზიტიური ცვლილებების მოტანაშე შეუძლია. ისინი იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ სისტემის რეფორმირებას და კორუფციის დამარცხებას, და მიუხედავად კოალიციის პარტნიორებთან საგარეო პოლიტიკაზე შეუთანხმებლობისა, ეს საბოლოოდ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებს.
„პარტნიორობა იდეალური გადაწვეტა არაა, თუმცა ეს იყო ერთადერთი გზა ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმიდან გათავისუფლების“, - განუცხადა სანდუმ გამოცემა „პოლიტიკოს“.
ორ პარტიას განსხვავებულ ხედვებთან ერთად, განსხვავებული გამოცდილება აქვს. სოციალისტების უმეტესობა ძველი, კომუნისტური ელიტის წარმომადგენელია. ხოლო სანდუს კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების და დიასპორის წევრებს აერთიანებს.
“ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილი “, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ, ვაშინგტონში ვიზიტისას. ის საფრანგეთიდან მოლდოვაში თანამდებობის დასაკავებლად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
„ჩემი დავალებაა უზრუნველვყო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ასახავს მოსახლეობის სურვილებს, შიდა განვითარების, მოდერნიზაციის, ინვესტიციების მიზიდვის და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით“, - განაცხადა მან.
თუმცა იქვე განმარტა, რომ ქვეყნის მთავარ ამოცანად, ევროპასთან ინტეგრაცია რჩება. „ჩვენ არ გვაქვს ორი ვექტორი, ჩვენი ერთადერთი ვექტორი ევროკავშირია“, - თქვა პოპესკუმ.
პოპოსკუ ცდილობს ევროპიდან და ამერიკიდან ფინანსური და პოლიტიკური დახმარება მიიღოს. მისი თქმით, მოლდოვას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ჩემს საქმეს აიოლებს მოლდოვის დიდი დამოკიდებულება ევროკავშირზე“, - თქვა მან. „მიუხედავად იმისა თუ რას ამბობენ პოლიტიკური პარტიები, ევროპას ზურგს ვერავინ შეაქცევს, რადგან ეს ეკონომიკას მომენტალურად დაანგრევს. ზურგის შექცევაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ვერავინ ვერ დატოვებს ასოცირების შეთანხმებას. ეს შეაკავებს ყველა მთავრობას. ჩვენი დავალება, ამის, როგორც მოცემულობად მიღება კი არა, არამედ იმის უზრუნველყოფაა, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ შედეგები გამოიღოს“, - თქვა პოპესკუმ.
რთული სათქმელია, თუ რამდენ ხანს მოახერხებს ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ორი ძალა კოალიციის შენარჩუნებას. მოლდოვამ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ხელისუფლება ბევრჯერ გამოიცვალა.
ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ ამ უჩვეულო პარტნიორობის მიღმა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა პოლიტიკურ რეალობას შექმნის ეს თანამშრომლობა სამომავლოდ.
„კითხვა იმაში კი არ არის, თუ რამდენად მოახერხებს კოალიცია გადარჩენას, არამედ იმაში, თუ ვინ იქნება მთავრობაში ექვსი, რვა, თორმეტი თვის შემდეგ“, - ამბობს ის.