ჰოლივუდის სახელგანთქმულ პროდიუსერ ჰარვი უაინსტაინს სამი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ეს ინფორმაცია ჟურნალმა "ნიუ-იორკერმა" სამშაბათს გაავრცელა.
"ნიუ-იორკერის" სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, უაინსტაინს სექსუალურ ძალადობაში ცამეტი ქალი სდებს ბრალს. ცამეტიდან რვა შემთხვევის შესახებ წინა კვირას "ნიუ-იორკ თაიმსმა" დაწერა. ირკვევა, რომ რვავე შემთხვევა საიდუმლო მორიგებით დასრულდა. უაინსტაინმა დაზარალებულებს ფული გადაუხადა.
უაინსტაინი სკანდალს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ჩადენილ საქციელს გულწრფელად ნანობს. ორშაბათს, უაინსტაინის საპროდიუსერო კომპანიამ მისი დამფუძნებელი თანამდებობიდან გადააყენა.
ჰარვი უაინსტაინის პროდიუსერობით ისეთი ფილმები შეიქმნა, როგორიცაა "მაკულატურა", "ინგლისელი პაციენტი", "შეყვარებული შექსპირი", "ჭკვიანი უილ ჰანტინგი."
უაინსტაინი დემოკრატიული პარტიისა და პირადად ჰილარი კლინტონის მსხვილი დონორი იყო. სამშაბათს, კლინტონმა განაცხადა, რომ გამოაშკარავებული ამბებით "შეურაცხყოფილი და გაოგნებულია." გასულ უქმეებზე პრეზიდენტმა ტრაპმა თქვა, რომ უაინსტაინს დიდი ხანია იცნობს და მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები "სულაც არ გაკვირვებია."