მითიური საბჭოთა კავშირი

"უცნობი" საბჭოთა წარსული – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წლის სეზონის დახურვის ცერემონია კი გუშინ გაიმართა. „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ახალგაზრდა წევრებმა საბჭოთა პერიოდის შესახებ ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობის ხარვეზის საპირისპიროდ პროექტი შექმნეს და ის უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება. ლოკაციად მათ გორი აირჩიეს.

ყოველ შაბათ დღეს ხუთი თვის მანძილზე გორის სასწავლო უნივერსიტეტი ლექციების მასპინძელია, რომელსაც 30–დან 40–მდე სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები უსმენენ. „ფეხბურთი და საბჭოთა საქართველო“, „ჭორი, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობა“, „რელიგია საბჭოთა კინოში“, „მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში“, „1920–იანი წლების ახალი საბჭოთა ქალი: მოლოდინები, რეალობა, რეპრეზენტაცია“, „იუმორი საბჭოთა კავშირში“, „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო,“ „საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა“, „ნაციონალიზმის თეორია და საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში“, საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია“, საბჭოთა ტერორი საქართველოში“, „არქიტექტურა საბჭოთა კავშირში“ და სხვა – ეს გახლავთ ის თემები, რომელთა შესახებაც ლექციებს მოწვეული სპეციალისტები უძღვებიან.

პროექტის ხელმძღვანელი, ორგანიზაცია „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისთვის“ წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ სკოლებში საბჭოთა კავშირის შესახებ მოსწავლეებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე აბზაცით შემოიფარგლება, რაც აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ მოქალეებს შეექმნათ წარმოდგენა უახლეს წარსულზე, რის გააზრების გარეშეც მომავლის განსაზღვრა და დანახვა წარმოუდგენელია.

„ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ ბავშვებს აქვთ მხოლოდ ბაბუებისგან და ბებიებისგან, ვინც იმ დროს ცხოვრობდა და შეიძლება უთხრან შვილიშვილებს, რომ „დავიქეცით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა“ და ასე შემდეგ. ესაა ინფორმაციის ერთი წყარო. მეორე წყარო უნდა იყოს სკოლა, საიდანაც უნდა მოდიოდეს სხვა ცოდნა საბჭოთა კავშირის შესახებ (წესით). სკოლაში კი მაგალითად, რეპრესიებს ეთმობა სულ რამდენიმე აბზაცი, ისევე როგორც, მეორე მსოფლიო ომს. ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებმა რაიმე, ალტერნატიული, ან ზოგადი ცოდნა მიიღონ საბჭოთა კავშირის შესახებ, გარდა იმისა, რასაც მითის სახით მოიპოვებენ. ცოდნა საბჭოთა კავშირის შესახებ ეყრდნობა რამდენიმე მითს (სტალინი და რუზველტი რომ შეიკრიბნენ და რაღაც თქვეს) და ერთ–ორ ანეგდოტს – სტალინი რომ ერთი კიტელით დადიოდა და ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა. სულ ეს არის. არც სკოლაში და არც სხვაგან იმ რეჟიმის და იმ პერიოდის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ.“

რატომ შეირჩა პროექტის ლოკაციის ადგილად მაინც და მაინც გორი, ამას სპეციალური დასაბუთება აქვს, რომლის შესახებ პროექტის ხელმძღვანელი შემდეგს გვიყვება:

„ავირჩიეთ გორი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ის სტალინის მშობლიური ქალაქია, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს და მეორე მიზეზი ისაა, რომ გორში ძალიან ბევრია სტალინის და ზოგადად, საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი. თუმცა სტალინისა და საბჭოთა კავშირის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანების რაოდენობა, ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრია, არა მხოლოდ გორში. მაგრამ ყოველ 9 მაისს ჩვენ ვხედავთ, რომ გორია მოვლენების ცენტრი, სადაც მთელი საქართველოდან საბჭოთა ნოსტალგიის მატარებელი ადამიანები იკრიბებიან სტალინის სურათებით, წითელი, საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის დროშებით და აქციას ატარებენ. დაახლოებით, 1000 ადამიანამდე გროვდება ასეთ აქციებზე.“

ამერიკის ხმამ მალხაზ სალდაძე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამების კოორდინატორი ჩაწერა, რომელიც პროექტში „უცნობი“ საბჭოთა წარსული“ ერთ–ერთი ლექტორია. მისი თქმით, საბჭოთა კავშირი, ერთგვარად მითიური ქვეყანაა.

ჩვენი მიზანი არაა, რომ ადამიანებს მხოლოდ უარყოფითი მომენტები დავანახოთ საბჭოთა წარსულიდან. ფოკუსი არის სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. ისტორიის განხილვას, ისტორიის კრიტიკულ ანალიზს იმ ფაქტების მოხმობითა და განხილვით აქვს ადგილი, რომელთა შესახებ საბჭოთა ისტორიოგრაფია დუმდა და დღესაც დეფიციტია ასეთი სასაუბრო სივრცეების. ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ახალგაზრდული, საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროექტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ახალგაზრდებმა გაიგონ როგორ ცხოვრობდნენ წინა თაობის ადამიანები, ისინი, ვინც დაიბადა და გაიზარდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირი – ეს არის უკვე მითიური ქვეყანა ჩვენთვის, არა მხოლოდ იმ თაობისთვის, ვინც მისი დანგრევის შემდგომ დაიბადა. ვინც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა, მათთვისაც ძალიან ბევრი რამაა შეფარული მითით. როდესაც ადამიანები ნოსტალგიით იხსენებენ საკუთარ ახალგაზრდობას, დუმან ბევრი რამის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო საბჭოთა სახელმწიფოს მართვისა და ძალაუფლების პრაქტიკასთან, იმასთან, რაც სამართლიანობის პრინციპს ქმნიდა, ან გვერდს უვლიდა.“

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მათთვის უცნობ ან ზოგადად, ნაკლებად ცნობილი და გავრცელებული ამბის შესახებ იღებენ ინფორმაციას. ზოგიერთი ისტორიის ან ცხოვრებისეული პრაქტიკის შესახებ ამბავი თინეიჯერებისთვის დღეს უკვე წარმოსადგენადაც რთულია.

„მაგალითისთვის, დამსწრეებისთვის მოულოდნელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ 9 მაისი, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, სტალინის სიცოცხლეში, როგორც ზეიმი და დღესასწაული იმ სახით არ აღინიშნებოდა, როგორც დღეს. 1948 წლიდან 9 მაისი უკვე აღარ იყო უქმე. მხოლოდ 1965 წელს იქცა კვლავ არასამუშაო დღედ. სამხედრო აღლუმი კი რომელიც ჩატარდა 1945 წლის ივნისში, 1965 წლამდე აღარ გამართულა. ამის მიზეზი გახლდათ სტალინის შიში სამხედროების მიმართ, რომ თავი მნიშვნელოვნად არ ეგრძნოთ ან საზოგადოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭებინა მათი როლისთვის გამარჯვების მოპოვებაში. 9 მაისს, გამარჯვების დღეს, რუსეთის ფედერაცია დღეს ძალიან აქტიურად იყენებს, როგორც სიმბოლურ კაპიტალს საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის და საზოგადოების დარწმუნებისთვის, თუ რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა ომის დასრულებაში საბჭოთა კავშირმა და მისმა სამართალმემკვიდრემ –რუსეთმა.“, - ამბობს მალხაზ სალდაძე.

ლუკა ბედოშვილმა წელს სკოლა დაასრულა. სწავლის პერიოდში კი პარალელურად უცნობი საბჭოთა წარსულის შესახებ ლექციებს ესწრებოდა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „არ ვიცოდით თუნდაც, რომ კომუნალურ ბინებში ამდენი ოჯახი იყო შესახლებული და რომ კომუნალური ბინების საჭიროებამ და მისმა არსებობამ განაპირობა საბჭოთა არქიტექტურა. ბინების საჭიროებამ შემდგომ უკვე განსაზღვრა „ხრუშოვკების“აშენება, რამაც არაერთი ქალაქი დაამახინჯა.“

სემინარებისა და შეხვედრების დროს ახალგაზრდები ბევრს კამათობენ და ბევრი კითხვაც იბადება. მათ შორის იმის შესახებაც, თუ რატომ უნდა გადაერქვას სტალინის ქუჩას სახელი. „ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, ქუჩის სახელის გადარქმევით, გამოდის, რომ საკუთარ ისტორიაზე ვამბობთ უარს“,– კითხულობს ერთ–ერთი სტუდენტი ლექციის დროს. მსგავსი კითხვები, დამოკიდებულება და ორჭოფობა არც თუ იშვიათი და არც თუ მცირეა.

ორგანიზატორები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ პროექტის შესახებ ახალგაზრდების დაინტერესება დიდია. ყოველწლიურად მათ 150–დან 200 კონკურსანტს შორის უწევთ 30 მონაწილის შერჩევა.

პროექტი „უცნობი საბჭოთა წარსული“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროცესში გორის უნივერსიტეტიცაა ჩართული. ახალგაზრდები პროქტის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ.