ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთს აკრიტიკებს

მისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროცესები ადგილობრივი მოსახლეების გადაადგილების თავისუფლებას პრობლემებს უქმნის
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ფიზიკური დაბრკოლებების შექმნით და მავთულხლართებისა და ღობეების მიმდინარე მშენებლობის გამო კრიტიკას გამოხატავს.

მისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროცესები ადგილობრივი მოსახლეების გადაადგილების თავისუფლებას პრობლემებს უქმნის. მისიის წარმომადგენლობის დროებითმა ხელმძღვანელმა ჯერარდ ფიშერმა აღნიშნა, რომ ეს წინაღობები ხალხთაშორის კონტაქტს მზარდ საფრთხეს უქმნის.