თვითმფრინავის ძებნა გრძელდება

დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის მგზავრების ოჯახის წევრები დღეს შეიჭრნენ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მალაიზიელი ოფიციალური პირები ატარებდნენ.

მგლოვიარე ოჯახის წევრები ძირითადად ჩინელები იყვნენ. ისინი პრესკონფერენციის დარბაზში ტრანსპარანტებით და შეძახილებით შეიჭრნენ და მალაიზიის მთავრობას „სიმართლის თქმას“ სთხოვდნენ.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავის 227 მგზავრიდან ორი მესამედი ჩინელი იყო.

მგზავრების ოჯახის წევრები სასოწარკვეთას ვერ მალავენ და მალაიზიის ოფიციალურ პირებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.