ინდონეზია ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის კრიმინალიზებას აპირებს

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის კვალიფიცირება იცვლება და ზრდასრულ ადამიანებს შორის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში არსებული კავშირი მალე, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ინდონეზია მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი, მუსლიმური უმრავლესობით დასახლებული ქვეყანაა. სახელმწიფოში საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ქრისტიანული, ჰინდუ და ბუდისტური უმცირესობების ჯგუფები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანაში კონსერვატული, ისლამური ტენდენციებისკენ გადახრა შეინიშნება.

მთავრობა და პარლამენტი კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე უკვე შეთანხმდა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს.

ინდონეზიელი პარლამენტარები ამბობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კოდექსი ჰოლანდიის კოლონიის დროინდელ კანონმდებლობას ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ, ინდონეზიის ამჟამინდელ რეალობას არ ასახავს.

"სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები ისეთი ქცევისგან, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის უზენაეს მოწოდებებს", - ამბობს ნასირ ჯამილი, ერთ-ერთი პარტიის წევრი. მისი თქმით, კონსულტაციები ჩატარდა ყველა რელიგიური კონფესიის ლიდერთან, რადგანაც ინდონეზიის სახელმწიფოს საფუძველი სწორედ ღმერთის რწმენაა.

შემოთავაზებული კანონპროექტით, დაუქორწინებელი წყვილი, რომელიც "ერთად ცოლ-ქმარივით ცხოვრობს" შესაძლოა 6 თვით ციხეში აღმოჩნდეს ან 10 მილიონი რუპიის გადახდა მოუხდეს, რაც დაახლოებით, 710 ამერიკული დოლარია. ეს ინდონეზიის ბევრი მცხოვრებისთვის, საშუალოდ, 3 თვის ხელფასია. წყვილის კრიმინალში დადანაშაულება, მათზე განაცხადის გაკეთება სოფლის ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქის ადგილობრივ მმართველს, ან მათ მშობლებს, შვილებს თუ მეუღლეებს შეუძლიათ. სოფლების გამგებლებს ეს უფლება, კანონმდებლების განმარტებით, იმიტომ მიეცათ, რომ ამ ცოდვის მსხვერპლი "მთლიანად საზოგადოებაა".

არასამთაბრობო ორგანიზაციის "სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის ინსტიტუტის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თითქმის მოსახლობის ნახევარს შეავიწროვებს, რადგან ბოლოდროინდელი კვლევებით, ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი ინდონეზიელთა 40 %-ს აქვს.

ახალი წესები, როგორც ჩანს, ტურისტებზეც გავრცელდება, თუმცა კანონმდებლების განმარტებით, ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ხალხს ეს არ ეცოდინება.

ახალი კოდექსით ქალები აბორტის გაკეთებისთვის შესაძლოა მაქსიმუმ 4-წლიანი პატიმრობით დაისაჯონ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი აბორტის მიზეზი ძალადობა ან სამედიცინო საფრთხის თავიდან აცილება არაა. ჯარიმები წესდება იმ ადამიანებისთვისაც, ვინ კონტრაცეფციისკენ მოწოდებებს გაავრცელებს. ადამიანი შეიძლება 6 თვით ციხეში აღმოჩნეს აბორტის მეთოდების მხოლოდ განხილვისთვისაც კი.

ქვეყანაში პატიმრობით შეიძლება დაისაჯონ ის ადამიანებიც, რომლებიც ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ღირსებას "შეურაცხყოფენ". ეს რეგულაცია 2006 წელსაც იყო შემოთავაზებული და ის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა ჯერჯეობით უცნობია ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვებენ თუ არა ადამიანის უფლებების დამცველები.