„ჩვენ გვინახავს არაერთი არათუ მცდელობა, არამედ რუსეთის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, მთელ რეგიონში და მთელ მსოფლიოში და ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას", - განაცხადა მეთიუ მილერმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკა ფხიზლად ადევნებს თვალს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ არჩევნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ის ერთადერთი, ვინც საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.
ასევე ნახეთ: "აბსურდული" - ვაშინგტონი საქართველოს შესახებ რუსეთის დაზვერვის ბრალდებაზე„როგორც ჩვენგან აქამდეც არაერთხელ მოგისმენიათ, მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი", - უპასუხა მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეფუძნება "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნებაში “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს თუ ამ თხოვნით თბილისი მოსკოვს მიმართავს. ტელეკომპანიის ცნობით, მან ეს განცხადება მოსკოვში, რუსეთის მეგობართა კლუბის შეხვედრაზე გააკეთა. კლიმოვს ასევე უკავია ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთის საკითხებში.
დაახლოებით ორი კვირის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა "აბსურდი" უწოდა.
"ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი წარადგენს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც ახლა, ჩვენი საუბრისას, უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი და ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", - თქვა მეთიუ მილერმა 10 ივლისს.
ასევე ნახეთ: კრემლი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავსმანამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.
“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის”, - ნათქვამი იყო რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთს არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია ამ განცხადების გასამყარებლად. განცხადება კი 9 ივლისს გამოქვეყნდა, ნატოს სამიტის პირველ დღეს.