მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სკამზე

აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს, 29 ნოემბერი, 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქართველოში შედგა. საზოგადოებამ ის ბრალდებულის სკამზე იხილა და მისი სიტყვა მოისმინა. მიხეილ სააკაშვილს 29 ნოემბრის სასამართლო სხდომამდე ფართო საზოგადოებასთან კონტაქტის შესაძლებლობა არ ჰქონია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა მესამე პრეზიდენტი იხილეს და მისი გამოსვლა მოისმინეს.

„მე რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი. ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი, პრაქტიკულად არ იღიმება. გაუბედურებულია. მინდა გკითხოთ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი, ერთად უნდა დავასრულოთ“, - თქვა სააკაშვილი სასამართლოს დარბაზში.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე. 29.11.2021

დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, როცა მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდა, სახელმწიფო ბრალმდებლებმა რამდენჯერმე სცადეს ამ პროცესის აღკვეთა. მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის სიტყვა ბრალდების საკითხებს არ ეხებოდა. პროკურორი მოითხოვდა სასამართლოს აეკრძალა სააკაშვილისთვის სიტყვით გამოსვლა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია სასამართლოსთან

„უკვე ოცი წუთია მას ვუსმენთ და ჯერ არაფერი უთქვამს ბრალდების შინაარსზე“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა, სახელმწიფო ბრალმდებელმა სხდომაზე.

სააკაშვილის საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იხილავს. მოსამართლეები არიან ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი და ლიანა ორკოდაშვილი. სააკაშვილს პროკურატურა ედავება სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, ასევე 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების გამო.

„როდესაც ბრალდებული პირი მოდის სხდომის დარბაზში, მან პოზიცია უნდა დააფიქსიროს თავის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც არის. ასევე, მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება. მე ბრალი რომ წავიკითხე, იქ წერია "სახელმწიფო თანამდებობის პირი". შესაბამისად, უნდა ისაუბროს იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში, დაუსწრებლად ვიხილავდით აღნიშნულ სს საქმეს. ძალიან ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ძალიან ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს მოსმენილი“, - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ბრალდების პრეტენზიის საპასუხოდ. მან არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ წლების მანძილზე, პირველად წარსდგა მარლმსაჯულების წინაშე.

„მას აქვს უფლება განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში, დროის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ შევზღუდავთ, რადგან კანონი მას, როგორც ბრალდებული პირის სტატუსის მქონეს, აძლევს უფლებას გამოთქვას აზრი და ვერც განცხადებისთვის რეგლამენტს დავუდგენთ“, - დასძინა მოსამართლემ.

სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა იმ დროს, როდესაც ის იყო წარმატებული და მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი და რეფორმების ავტორი უკრაინაში. „პოროშენკოს დროს, მინიმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი პრემიერ მინისტრობაზე“, - განმარტა სააკაშვილმა.

„გიჟივით“ რომ უყვარს საქართველო, სააკაშვილმა ამის სამტკიცებლად კიდევ არაერთი არგუმენტი მოიყვანა. გაიხსენა საკუთარი მასწავლებლები, „ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო და სულ უფრო აუტანელი იყო განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და კარგავთ თქვენ, როგორც ქართველები“. მან პარალელი გაავლო 100 წლის წინანდელ, თავისუფალი საქართველოს დევნილი მთავრობის ხვედრთანაც და განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებით ის ანალოგიური ბედისწერის არიდებას ცდილობდა.

„1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეს ქვეყანა დატოვა. 30, 40, 50 წლის შემდეგ ისინი ისხდნენ და არჩევნდნენ იმ საქართველოს ამბებს, რომელსაც ვერასდროს ნახავდნენ. მე ვიფიქრე, რომ არასდროს ჩავიყენებდი თავს ასეთ სიტუაციაში. თბილისის დატოვება ჩემს მიერ ნიშნავდა თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას“, - ამბობს სააკაშვილი.

ბრალდებულმა სააკაშვილმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი და ისაუბრა ომის წინაპირობებზეც. მისი თქმით, პუტინს სურდა ის ქვეყნიდან გაქცეული ენახა, ამიტომაც ომის დროს ყველა აეროპორტი დაბომბა, თბილისის აეროპორტის გარდა, იმ მოტივით, რომ სააკაშვილი იქედან გაფრინდებოდა.

„ის, რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ფურცელი, როცა ექვსი ევროპელი ლიდერი იდგა თბილისის ცენტრში, ასობით ათასი ადამიანის წინ. მაშინ, 2008 წელს ჩვენ შევინარჩუნეთ და გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი“.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი შექმნილია სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მისივე თქმით, საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები. „ლუარსაბ მეფის შემდეგ, ეს იყო 400 წლის წინ, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ამდენი წლის შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც კი ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყო... მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის ბარიერიდან უნდა მოგმართავდეთ იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს, ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად, მისი განვითარება“, - ასე მიმართა საზოგადოებას სააკაშვილმა.

ბრალდებულის სკამიდან სააკაშვილი გირგვლიანის საქმესაც შეეხო და თქვა, რომ ის არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და „ეს დაარქვეს პიარისთვის“. მისი განმარტებით, მოხდა 2008 წლის შემდეგ დაკავებული 280 სამხედროს ამნისტია და გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებიც ამის შედეგად ორი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ. „რომელთა შორის, ერთი ჩემს მიერ ამნისტირებული, თმებით დამათრევდა გლდანის საპყრობილეში“, - თქვა სააკაშვილმა.

გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ამ დამოკიდებულებას იგი ამყარებს ინტერპოლის დამოკიდებულებით მათდამი - „ეს ბრალდება არც ერთ სახელმწიფოში არაა მიჩნეული სერიოზულად. ამიტომაცაა, ინტერპოლმა რომ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ. მე ველაპარაკე ინტერპოლის დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“.

„7 ნოემბრის აქციის დარბევის“ საქმე სააკაშვილის ბრალდების ერთ-ერთი ნაწილია. რა მოვლენები უსწრებდა წინ ამ ფაქტს და რა იყო პოლიტიკური კონტექსტი, ამის შესახებ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა. „მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას... მაგრამ გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი მოწოდებით?“ - თქვა მან.

პოლიტიკური კონტექტი 7 ნოემბრის მოვლენების წინაპირობა გახდა. ეს იყო საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ - ასეთია სააკაშვილის ხედვა. იგი ამბობს, რომ 2006 წელს მას პირადად უთხრა პუტინმა, რომ გააკეთებდა ყველაფერს ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის შესაჩერებლად. „იმავე წელს, ბელორუსის პრეზიდენმა ლუკაშენკომ მკითხა, ვინაა ეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატარკაციშვილი, ჩემთან რომ უნდა შეხვედრაო? მე ვუპასუხე, როგორც გინდა ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მანდედან არ გამოვა-მეთქი. მან უარი უთხრა შეხვედრაზე. შემდეგ, პატარკაციშვილი მაინც ჩავიდა მინსკში. ამის თაობაზე მიყვება ლუკაშენკო. დამირეკა პუტინმა და მითხრა, „ხალხი ჩამოვა და დაგელაპარაკება პატარკაციშვილზე, მისი პირადად ნახვა არაა აუცილებელიო“. „ეფ ეს ბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და დაელაპარაკა. ესაა ლუკაშენკოს ნათქვამი. ამის შემდეგ, პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ესაა [პატარკაციშვილი] საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში“, - ამგვარად აღწერს მოვლენებს სააკაშვილი.

„ამის შემდეგ იწყება დიდი გამოსვლები თბილისში, რაშიც პატარკაციშვილი მთლიანად რუსულ ფულს ხარჯავდა. ეს მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც აინტერესებს, თუ რუსეთი რა შუაშია“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში და დასძინა, რომ "სუსში" უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც ამ ფაქტის უტყუარობას დაამტკიცებს.

„თუ არ ვცდები, ეს იყო 2007 წლის ოქტომბერში მიღებული წერილი, რითაც გვითრეს, რომ ერევანში კანონიერი ქურდები (უსონიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი) შეიკრიბნენ, რომელთა ფუნქცია იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს იყო აშშ-ის ფედერალური ბიუროს გაფრთხილება. 2007 წლის ოქტომბერში გაიმართა ისტორიული კონფერენცია თბილისში. ნატოს გენერალური მდივან სხეფერის, აშშ-ის ელჩი ნატოში და სხვების მონაწილეობით. ამ კონფერენციაზე გადაწყდა, პრაქტიკულად, ნატოში საქართველოს მიღება. ისინი საოცრად დადებითი შთაბეჭდილებებით წავიდნენ საქართველოდან 2007 წლის 30 ოქტომბერს. 2 ნოემბერს კი თბილისში დაიწყო გამოსვლები. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, ან ყველამ იცოდა პატარკაციშვილის გეგმები. ეს იყო რთული პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მტკივნეული რეფორმები ჩავატარეთ. მაგალითად, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი... ხალხი უკმაყოფილო იყო.

აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს

„მართლაც, იყო დიდი მიტინგი. მე ეს მივიღე, როგორც სიგნალი. 7-ში დილით, მე მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ დაიძაბა ვითარება. დაახლოებით, ისეთი ვითარება იყო, როგორც ახლა გარეთ. პოლიციამ რომ წიწაკის სპრეი შეასხა. არავინ არ დაღუპულა... ამის შემდგომ მე გადავდექი“, - ასე გაიხსენა სააკაშვილმა 7 ნოემბრის მოვლენები.

მისივე თქმით, ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა მიიწვია და შეაქო იმისთვის, რომ არ შეეცადა ჩაბღაუჭებოდა ხელისუფლებას. „არავის მსოფლიოში აზრად არ მოსდის მსგავსი შემთხვევების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა... მე გავაკეთე ეს იმისთვის, რომ ამ რუსული სცენარის გამო, არ ჩაგვშლოდა ნატოში ინტეგრაცია... ქართველმა ხალხმა გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“.

მან გამოსვლის დროს გზავნილი უკრაინულ და ინგლისურ ენებზეც გააჟღერა, იმ მოტივით, რომ უკრაინელ და ინგლისურენოვან მსმენელებს მისი მოსმენა შეძლებოდათ.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ იყო შეცდომები მისი მმართველობის დროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ტკივილი განიცადა, მოუბოდიშა, თუმცა დასძინა, რომ ის არაა დამნაშავე სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის მხარდამჭერებს გადაკეტილი ჰქონდათ აღმაშენებლის ხეივანი. ისინი ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ცდილობდნენ სააკაშვილისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებას. პოლიციამ 15 მოქალაქე, მათ შორის, პოლიტიკოსები და აქტივისტები დააკავა.

მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სააკაშვილის მიერ შეცდომების აღიარებას არასაკმარისად მიიჩნევენ. „შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებასა და ღირსების გაუქმებას, ვინც ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომის ტრანსლაციას, შეგახსენებთ, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომად სააკაშვილი სასამართლო სისტემის, როგორც სრულად დამოუკიდებელი ინსტიტუციის შეუქმნელობას მიიჩნევს. ეს სისტემა მისი ბრალეულობის საკითხს განიხილავს.