აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი პენსი თბილისში ჩაფრინდა

განახლება: შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი თბილისში ჩაფრინდა. პენსს და მის მეუღლეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.

1 აგვისტოს ვიცე პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიცე პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მასთან ერთად დაესწრება საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნის „ღირსეული მოკავშირის" სავარჯიშოებს და შეხვდება წვრთნების მონაწილეებს.

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება. მათ შორის, იქნებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.