ევროკავშირის ლიდერებმა ორ-დღიანი სამიტი საემიგრაციო რეფორმის განხილვით დაიწყეს. ევროპაში შესული მიგრანტების რაოდენობა 2015 წლის კრიზისის შემდეგ შემცირდა. მაშინ მიგრანტებთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ევრობლოკის წევრებს შორის მკაფიო განხეთქილება გააჩინა.
ევროკავშირის განცხადებით, 2015 წელს ეკონომიკური ბლოკის საზღვრები 1,800,000 არალეგალურმა მიგრანტმა გადაკვეთა. ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი აღნიშნა, რომ არალეგალური შეღწევების რაოდენობამ მას შემდეგ 96 პროცენტით დაიკლო.
ევროკავშირის პოლიტიკამ, მათ შორის, თურქეთთან დადებულმა ხელშეკრულებამ ამ პროცეში დიდი როლი ითამაშა. თურქეთი იმ მიგრანტების მიღებაზე დათანხმდა, რომლებიც თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრამდე მიაღწევდნენ.
დონალდ ტუსკმა სამიტის წინ გავრცელებულ წერილში, ევროკავშირის წევრებს მოუწოდა მიგრანტების წყარო ქვეყნებთან, მაგალითად, ლიბიასთან, პირდაპირ ითანამშრომლონ.