ისრაელის პოლიციამ პალესტინელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ბეთლემში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „მძვინვარების დღე“ - ასე მოიხსენიებენ არაბულ სამყაროში პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებს და საელჩოს თელავივიდან სწორედ იერუსალიმში გადაიტანს. პროტესტმა არაბული სამყაროს დიდი ნაწილი მოიცვა.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მალაიზიის დედაქალაქში, კუალა ლუმპურში ამერიკის საელჩოს წინ. „ხელები შორს იერუსალიმისგან“- ისმოდა შეძახილები აქციაზე. ინდონეზიაში კი, რომელსაც ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს და რომელიც მუსლიმი მცხოვრებლების რიცხვით მსოფლიოში პირველია, აქციები ჯაკარტაში, დედაქალაქში მდებარე ამერიკის საელჩოს წინ გაიმართა. "ტრამპი შეშლილია", "სიკვდილი ტრამპსა და შეერთებულ შტატებს" - ასეთი იყო მათი მოწოდებები.
პალესტინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკა უკვე ვეღარ შეასრულებს სამშვიდობო პროცესებში პატიოსანი შუამავლის როლს. შტატების გადაწყვეტილებას ბევრი მისი მოკავშირეც არ იზიარებს. "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" უშიშროების საბჭოსა და არაბთა ლიგის წევრები ახლო მომავალში შეიკრიბებიან სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად.