ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, დღეს თავი დამნაშავედ კიდევ ერთი ბრალდების თაობაზე ცნო. მას მორიგი ბრალდება სპეციალურმა გამომძიებლმა რობერტ მალერმა წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ მალერი 2016 წლის ამერიკის საპრედენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო გარიგებას იძიებს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, კოენმა აღიარა, რომ გასულ წელს, კონგრესში ცრუ ჩვენებები მისცა მოსკოვში ტრამპის სახლის აგების გეგმებთან დაკავშირებით. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევის გამო, მან თავი დამნაშავედ უფრო ადრე სცნო.
ამ მოვლენების პარალელურად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ე.წ. მალერის გამოძიებას მუდმივად აკრიტიკებს და მასთან დაკავშირებით, პრეტენზიებს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" სისტემატურად გამოთქვამს. სასამართლოდან გამოსულ კოენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.