MH-17 რუსეთმა ჩამოაგდო - ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების დოკუმენტური მასალა მოიპოვეს.

ვებგვერდზე Bellingcat.com ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება ერთ-ერთი პირველი ვერსია მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, რომელზეც 2014 წლის ივლისში 298 ადამიანი დაიღუპა. ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიმავალმა რეისმა MH-17 კატასტროფა უკრაინის ტერიტორიაზე განიცადა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ის “ბუკის” ტიპის რუსული საზენიტო სისტემიდან გაშვებული რაკეტით გაანადგურეს.“ამერიკის ხმა” ელიოტ ჰიგინსს -ვებგვერდის დამაარსებელს- “სკაიპის” საშუალებით დაუკავშირდა.

“იმის თქმას, რომ ამ სარაკეტო დანადგარის წარმომავლობა რუსეთის არმიიდანაა, რაც თავისთავად საკმაო ბუნდოვანებით მოცულ განცხადებას წარმოადგენს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის სახელები, სახეები, ეს არიან ადამიანები, ვინც იცოდა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში “ბუკის” ტიპის საზენიტო სისტემასთან დაკავშირებით და ის, თუ ვინ ვის გადასცა განკარგულება” - აღნიშნავს ელიოტ ჰიგინსი.

აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ პირველივე დღეებში გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალის შეჯერების და ანალიზის შედეგად, რომელიც ინტერნეტში ადგილობრივი მოსახლეობის, თუ სამხედრო მოსამსახურეების მიერ გავრცელდა, ელიოტ ჰიგინსის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი აცხადებს, რომ ამოცნობილია კონკრეტულად ის “ბუკის” სისტემა, საიდანაც რაკეტის გაშვება მოხდა.

“17 ივლისს გადაღებულ ზოგიერთ ფოტოზე ჩანს “ბუკის” საზენიტო დანადგარი, რომელსაც ცალ მხარეს ის ნიშნები აქვს, რომელიც ზუსტად ემთხვევა ივნისში, ჯერ კიდევ რუსეთში მყოფი კოლონის შემადგენლობაში მდგარი დანადგარის ნიშნებს” - ამბობს ელიოტ ჰიგინსი.

ჟურნალისტებმა სავარაუდო მარშრუტიც მონიშნეს, რომელიც რუსულმა კოლონამ უკრაინისკენ გაიარა, იმ ვიდეოკადრების გამოყენებით, რომელიც პერიოდულად მოსახლეობის და სამხედროების მიერ ინტერნეტ-გვერდებზე ივნისშივე ჩნდებოდა. როგორც ჩანს, კოლონამ მოძრაობა კურსკის ბაზიდან დაიწყო, სადაც იქვეა დაბანაკებული რუსეთის მეორე ბატალიონის ბაზის შემადგენლობაში მყოფი 53-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადა. გადაადგილება უკრაინის საზღვრისკენ ხდებოდა, ყვება ელიოტ ჰიგინსი.

“ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით სოციალური მედიის ანგარიშთა მფლობელებს მივაკვლიეთ, რომლებიც 53-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებს ეკუთვნის. იმის მიხედვით, თუ ვინ იყვნენ ისინი და რომელი მათგანი გადაადგილდებოდა კოლონასთან ერთად, შევძელით მიგვეკლია იმ სამხედროებითვის, ვინც ეს სარაკეტო დანადგარი სავარაუდოდ, რაღაც მომენტში ნახა. მათთან საუბარი გამოძიებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იქნება” - აღნიშნავს ის.

ვებგვერდი Bellingcat ამ ადამიანების ვინაობასაც ასახელებს. კერძოდ, მე-2 ბატალიონის მეთაურს, სახელად დიმიტრი ტ. და 53-2 ბრიგადის პოლკოვნიკს სერგეი ბორისოვიჩ მუჩკაევს. ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული მასალა მთლიანად ჰოლანდიაში მიმდინარე ოფიციალურ გამოძიებას გადაეცა. ჟურნალისტები ასკვნიან, რომ მართალია, “ბუკის” ტიპის დანადგარი რუსებმა უკრაინელ სეპარატისტებს გადასცეს, მაგრამ რუსი ჯარისკაცებიც ჯერ კიდევ მათთან ერთად იყვნენ და სისტემის მართვასთან დაკავშირებით ადგილობრივებს კონკრეტულ რჩევებს აძლევდნენ.

ინციდენტში მონაწილეობას რუსეთი გამუდმებით უარყოფს. ამასთან ერთად, კრემლმა ფოტო და სატელიტური მტკიცებულებები წარმოადგინა, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ ჩამოაგდეს მანამდე უკრაინულმა სამთავრობო ძალებმა თვითმფრინავი. უკრაინა ამ ბრალდებას არაფრად აგდებს, ვებგვერდი Bellingcat კი აცხადებს, რომ ეს მტკიცებულებები გაყალბებულია.