მიწისძვრა მეხიკოში: დაღუპულია სულ ცოტა, 119 ადამიანი

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში რამდენიმე საათის წინ 7.1 ბალის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოფირზე შენობების ნანგრევები ჩანს, საიდანაც ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 20 მილიონია, რამდენიმე ათეული სახლი დაინგრა. დაღუპულია სულ ცოტა, 119 ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტი მომხდარს სოციალურ ქსელზე შეეხმიანა. "ღმერთო დაიფარე მეხიკოს მოსახლეობა. თქვენთან ვართ და ვიქნებით" - განაცხადა მან "ტვიტერზე".

მექსიკას ჯერ 7 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრით მიყენებული ჭრილობები არ მოუშუშებია. 8.1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის გამო მაშინ 98 ადამიანი დაიღუპა.