მერკელზე "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" თაობაზე ზეწოლა იზრდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა, შეცვალოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხარდაჭერის გადაწყვეტილება. რუსული მილსადენის მიმართ გერმანიის პოზიციის შეცვლის თემა მას შემდეგ კიდევ ერთხელ წამოიჭრა, რაც მერკელმა გამოაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ასევე ნახეთ: აშშ-ის ჯარი გერმანიიდან ბელგიაში, იტალიასა და შავი ზღვის ქვეყნებში გადანაწილდება

მერკელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნავალნის მოკვლა "ნოვიჩოკით" სცადეს, რისთვისაც მან განმარტების გაკეთება რუსეთს სთხოვა.

მოსკოვი უარყოფს ინციდენტთან რაიმე კავშირის ქონას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის დასკვნა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. დასავლეთში ნავალნიზე თავდასხმა დაგმეს. გერმანიაში ბევრი პოლიტიკოსი რუსეთის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მტკიცე პოლიტიკა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმ ერთადერთ ენაზე, რომელიც [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს ესმის - გაზის გაყიდვების ენით,“ თქვა გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როეტგენმა გერმანული რადიოს ეთერში.

„თუ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ახლა დასრულდა, ეს პუტინისთვის მაქსიმალური დასტური და წაქეზება იქნება, რომ ასეთი პოლიტიკა გააგრძელოს,“ თქვა როეტგენმა, რომელიც მერკელის პარტიის წევრია, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.

ასევე ნახეთ: გერმანიის მთავრობა: ნავალნი "ნოვიჩოკით" არის მოწამლული

მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთს და გერმანიას პირდაპირ აკავშირებს და ის უკვე არსებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მოცულობას აორმაგებს. მილსადენი, რომელსაც რუსული „გაზპრომი“ დასავლელ პარტნიორებთან ერთად აშენებს, 90%-ით დამთავრებულია და მან გაზის გატარება 2021 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

მილსადენთან დაკავშირებით ევროკავშირში შეხედულებები არაერთგვაროვანია. ბევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ კიდევ ერთი მსხვილი რუსული მილსადენი უკრაინის, როგორც ტრადიციული სატრანზიტო ქვეყნის, მნიშვნელობას დააკნინებს და რუსულ გაზზე ეკონომიკური ბლოკის დამოკიდებულებას გაზრდის.

შეერთებული შტატები მილსადენის აშენების წინააღმდეგია.