19 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების 6 თვით გახანგრძლივებას. აღნიშნული სანქციები რუსეთს საკუთარი როლის გამო დაუწესდა უკრაინის კონფლიქტში. სანქციები უფრო კონკრეტულად ენერგეტიკულ, თავდაცვის და ფინანსურ სექტორებს ეხება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს ვიდეო კონფერენციაზე, "რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, უთხრეს, რომ მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საქმეში, " არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული."
სანქციები პირველად 2014 წელს მიიღეს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო. მას შემდეგ მათ ყოველ 6 თვეში ერთხელ ანახლებენ. ოფიციალური გადაწყვეტილება სანქციების 31 ივლისის შემდეგ გაგრძელების თაობაზე, ევროკავშირის ელჩებმა უნდა მიიღონ.
წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა პუტინმა ეკონომიკური სანქციების შეჩერება მოითხოვა ჰუმანიტარული საბაბით, რათა რუსეთი უკეთ შებრძოლებოდა კორონავირუსის პანდემიას. თუმცა, მაშინვე ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დაადგინეს, რომ სანქციები არ აფერხებდა რუსეთის უნარს კოვიდ-19-თან ბრძოლაში.