წამყვანი ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებს, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას ან მის კომპანიებს სანქციები არ მოუხსნას.
ადმინისტრაციის თაოსნობით, აშშ-მ დერიპასკას სანქციები წელს აპრილში დაუწესა რუსეთის „მავნებლური ქმედებების გამო“, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის და თავად დერიპასკას მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.
ოლეგ დერიპასკას აქციების დიდი წილი აქვს რუსული ალუმინის გიგანტურ კომპანიაში „რუსალი“ და ავტომობილების კონგლომერატში "გაზი". თავად დერიპასკა დანაშაულს უარყოფს.
ბობ მენენდესი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი პოლიტიკოსია. აპრილში დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „რუსალის“ პოზიცია გაითვალისწინა და სანქციების ამოქმედება სამჯერ გადაავადა.