რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა „ფეისბუკზე“ 2008 წლის აგვისტოს ომის საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. ამ განცხადებაში ის რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.
„ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებებს. " მისი თქმით, რუსეთმა პასუხი გასცა "გარეწრების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს, ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობისმყოფელებსაც, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის ქართული სოფლების მოსახლეობისთვისაც“, - აღნიშნავს დმიტრი მედვედევი.
"ამიტომაც, მაშინ მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვა. თავდაპირველად, აგრესიისგან დავიცავით, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, მათი სრული დამოუკიდებლობა ვაღიარეთ“, - აღნიშნულია დმიტრი მედვედევის განცხადებაში.
რუსეთის პრემიერის განცხადებას დავით ბაქრაძე გამოეხმაურა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ამჟამად ის ევროპული საქართველოს ლიდერია. ბაქრაძის თქმით, მედვედევისგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან "ის არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ გასცა ბრძანება საქართველოს წაინააღმდეგ აგრესიის შესახებ... ვის ხელებზეც არის ომის დროს დაღვრილი სისხლი და ათიათასობით დევნილი საქართველოში".
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მედვედევი რეალურად მაშინ პუტინის ზურგს იყო ამოფარებული. რუსეთის ყოფილი ლიდერის ასეთი განცხადებები ემსახურება "თავის მართლებას, საკუთარი თავის გადარჩენას და რუსეთის იმ იმპერიული პოლიტიკის გამართლებას, რომელმაც მოიტანა უამრავი უბედურება საქართველოშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც".
Your browser doesn’t support HTML5