ანტიდასავლური პროპაგანდა - „მედიის განვითარების ფონდის" მიხედვით

ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის წარდგენა

„მედიის განვითარების ფონდმა“ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა და 2020 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მედიასაშუალების პროდუქტზე დაკვირვების შედეგად, ის ტენდენციები და მიგნებები გამოვლინდა, რაც ფონდმა ანგარიშში ასახა.

ფონდის მკვლევარები ამბობებენ, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მზარდია. გამოკვეთილია სენტიმენტები რუსეთის მიმართ. ამერიკის მიმართ გზავნილები კი დაკავშირებულია არჩევნების პროცესთან როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის მნიშვნელოვან სამიზნეს ასევე ამერიკული ინსტიტუტები NDI და IRI წარმოადგენს. „მიზანმიმართული კამპანიური საქმიანობა ამ თვალსაზრისით, პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან დაფიქსირდა“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

თამარ კინწურაშვილი. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

„ხდებოდა გზავნილის კულტივირება, რომ სოციოლოგიური კვლევები, რასაც ეს ორგანიზაციები ატარებენ, წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ეს იყო საარჩევნო პროცესის შემადგენელი ნაწილი,“- გვეუბნება თამარ კინწურაშვილი და დასძენს, რომ ანალოგიური შინარსის განცხადება, თითქოსდა კვლევებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არჩევნების პროცესზე, 2019 წლის ბოლოს გაჟღერდა თვით "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვნილის მხრიდან.

ანტიდასავლური პროპაგანდა ამბობს, რომ აშშ არ შეიძლება იყოს დემოკრატიის მოდელი საქართველოსთვის, ან სხვა ქვეყნებისთვის, რადგან მას არ აქვს „მორალური უფლება“ მიუთითოს სხვა ქვეყნებს დემოკრატიული ნორმების დაცვისკენ. ამ გზავნილს „მედიის განვითარების ფონდი“ აკავშირებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გამოთქმულ ანალოგიურ მოსაზრებასთან და აცხადებს, რომ ის სრულ თანხვედრაშია „პატრიოტთა ალიანსის“ გზავნილებთან.

"მედიის განვითარების ფონდის" დაკვირვებით, რუსულ მხარეს უწევდა თავდაცვით პოზიციაში გადასვლაც და ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ დასავლეთი იყო მკაცრი და მიზანმიმართული. ამავდროულად, რუსული „არგუმენტები“ იყო გაჟღერებული ქართულენოვან მედიებში.

ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის წარდგენა

„ნიშანდობლივია, რომ კრემლთან დაკავშირებულ აქტორებს უწევდათ თავდაცვით კომუნიკაციაზე გადასვლა მაშინ, როდესაც იყო შესაბამისი გზავნილები. მაგალითად, გავიხსენოთ, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავდა საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩართვას; ან „დოსიეს“ გამოძიება „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ. ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, როდესაც შეფასდა საბჭოთა კავშირის როლი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან დაკავშირებით. საპასუხო რეაქციები, რაც ისმოდა პუტინის მხრიდან, აისახებოდა ქართულენოვან ანტიდასავლურ მედიაშიც. ეს გარკვეულწილად, ინდიკაციაა იმისა, რომ როდესაც ხდება რეაგირება და ბრალდებები ისმის მეორე მხრიდან, რუსეთს და მასთან დაკავშირებულ აქტორებსაც უწევთ თავდაცვით კომუნიკაციაზე გადასვლა“,- გვეუბნება თამარ კინწურაშვილი.

კვლევაში საუბარია იმ შემთხვევებზეც, როდესაც კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა უნისონში იყო ერთმანეთთან. „მმართველი პარტიის მხრიდან ისმოდა ცალკეული განცხადებები იმის თაობაზე, თითქოსდა, დასავლეთი ერევა ჩვენს შიდა პროცესებში და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც კრიტიკა ისმოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხირდან. აქ ჩვენ დავინახეთ თანხვედრა კრემლთან დაკავშირებულ აქტორებსა და მმართველ პარტიას შორის“,- ამბობენ "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარები.

ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის წარდგენა

„2020 წელს ჩვენ ვნახეთ დავით გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, რომელიც იყო ტიპური რუსული ხელწერის. „ქართული ოცნება“ იყო მთავარი აქტორი, როდესაც მათ დაიწყეს სამართლებრივი პროცესი ორი საჯარო მოხელის მიმართ. ეს თემა, აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება და ეკლესიასთან დაკავშირებული ბრალდებები ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს კრემლთან დაკავშირებული აქტორებისა და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისთვის ეთქვათ, რომ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ყველა ჩვენი მეზობელი ოკუპანტია. ხდებოდა ისრების გადატანა ისტორიულ ფაქტებზე. ცხადია, ამ მონაკვეთის დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა და ეს სადაოა, მაგრამ ამ ყველაფერს ტიპური სახიფათო საარჩევნო კამპანიის ხასიათი ჰქონდა, რომელმაც კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა საზოგადოება და მოადუნა მთავარ საფრთხეზე ფოკუსი, რაც არის რუსული ოკუპაცია და მათი შეიარაღების ყოფნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“,- გვეუბნება თამარ კინწურაშვილი.

ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის წარდგენა

თუ არ იარსებებს ინსიტუტები, თუ არ იქნება დემოკრატიული პროცესი და ქვეყანა იქნება მოწყვლადი გამოწვევების წინაშე, რუსეთისთვის უფრო მარტივი იქნება გავლენის მოხდენა - მიიჩნევენ "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარები. მათი პროგნოზით, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ 5 ივლისს და შემდგომ, ეს ახალ რეალობაზე მიანიშნებს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ 2021 წლის კვლევაში უფრო დრამატული დასკვნები იქნება. „ჩვენ ამის თაობაზე მონაცემები ნაწილობრივ გამოვაქვეყნეთ. როდესაც სახელმწიფო არ რეაგირებს ულტრა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ორკესტირებულ ძალადობაზე და ეს ჯფუფები დაკავშირებულია პირდაპირ დუგინთან და იმ ხალხთან, ვინც საქართველოსთვის არის ნაციონალური საფრთხე, ესაა საგანგაშო. ჟურნალისტებზე სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორები არ დასჯილან. უფრო მეტიც, ისინი ოპერირებენ, როგორც მედია-პლატფორმა და კიდევ უფრო მეტად ცდილობენ საზოგადობის დაყოფას, ეთნიკურ, რელიგიურ, თუ სხვა ნიადაგზე. როდესაც მეინსტრიმიზაცია ხდება ამ ულტრა-მემარჯენე ექსტრემისტული ჯუფების მიმართ ხელისუფლების მიერ, ეს არის ძალიან სახიფათო. ჩვენ, ამ თვალსაზირით, თვითონ მედია სივრცეშიც გვაქვს ცვლილებები,“- გვეუბნება თამარ კინწურაშვილი.

ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის წარდგენა

"მედიის განვითარების ფონდი" ანტიდასავლური პროპაგანდის მუშაობის თავისებურებებს უკვე მეექვსე წელია, რაც აკვირდება და ანგარიშსა და მიგნებებს საზოგადოებას უზიარებს.