მოხდება თუ არა აპოკალიფსი?

ამბობენ, რომ მაიას ტომების 5 ათასწლოვანი კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება. როგორია მეცნიერების აზრი სამყაროს აღსასრულზე?
ინტერნეტზე სამყაროს აღსასრულის შესახებ უამრავი მასალა გაჩნდა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში წყაროდ მაიას ტომების 5, 125 წლის წინანდელი კალენდარი სახელდება. მისი ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, 2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწაზე სიცოცხლე სრულდება, ან სულ ცოტა - ტრანსფორმირებას განიცდის. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, მაგალითად ბევრს სჯერა, რომ აპოკალიფსის შემდეგ მხოლოდ მათი პაწაწინა სოფელი, ბუგარაჩი გადარჩება და მას სოფლის თავზე წამომართული მაღალი მთა, პიკ დე ბუგარაჩი დაიცავს.

ამერიკაში როგორც ბევრი სხვა რამ, ეს ფაქტიც მარკეტინგისთვის აიტაცეს და მას სპეციალური გამოფენა მიუძღვნეს. ფილადელფიაში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მუზეუმში მოწყობილი გამოფენის „მაია-2012“-ის ერთ-ერთ პავილიონში აპოკალიფსის სავარაუდო ვიზუალური კადრების ნახვაა შესაძლებელი.

http://www.amerikiskhma.com/flashembed.aspx?t=vid&id=1569041&w=420&h=305&skin=embeded
„გამოფენაზე ამასთან დაკავშირებით მრავალ არქეოლოგიურ ნიმუშს ნახავთ“ - ამბობს ლოა ტრექსლერი, მაიას ცივილიზაციის სპეციალისტი და ფილადელფიის გამოფენის კურატორი. მიწისძვრა, წყალდიდობა და მსგავსი კატაკლიზმები დედამიწაზე კიდევ არაერთხელ მოხდება, მაგრამ...

„არაფერი ამის მსგავსი 21 დეკემბრისთვის მაიას ტომებს არ უწინასწარმეტყველებიათ“ - აღნიშნავს მეცნიერი.

მისი თქმით, ეს უბრალოდ დღევანდელ დღეს მედიის მიერ ფართოდ ატაცებული თემაა, რომელიც ძალზე პოპულარული გამოდგა.

„ავტორები, ბლოგერები და სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ჟურნალისტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ მაიას უძველესი ტომები რაღაც განსაკუთრებული სიბრძნის მფლობელები იყვნენ. აღსასრულის მოახლოვება ხომ ისეთი თემაა, რომელიც ძალაუნებურად საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. თუმცა, სამეცნიერო თვალსაზრისით, არცერთი ციკლის ბოლოს მაიას კალენდრებში მსგავსი რამ აღნიშნული არ არის“.

მეცნიერის თქმით, მაიას ტომებს უბრალოდ ციფრებში სიმბოლიკის დანახვა უყვარდათ და ამისათვის „მათ ძალზე დახვეწილი საკალენდრო სისტემა შექმნეს, რომელიც შემდეგ საკუთარ ისტორიას და თანამედროვეობას მოარგეს“.

დრო იზომებოდა ბაკტუნებით, 400-წლიანი ინტერვალებით. ახლა მხოლოდ ბოლო ბაკტუნი მთავრდება, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ახალი კალენდარი.

„მანქანის სპიდომეტრივითაა, ლიმიტი აქვს და შემდეგ ახალი ციკლი ირთვება“ - აღნიშნავს მეცნიერი.

გამოფენა დამთვალიერებელს 150-ზე მეტ ნიმუშს სთავაზობს. მათ შორისაა ბოძი, რომელიც მაიას ტომების კალენდრის ასლს წარმოადგენს. აქვე ნახავთ გრიგორიანულ და მაიას კალენდრებს შორის არსებულ კორელაციის ამსახველ ვიდეო გრაფიკას. საკუთარი დაბადების დღის თარიღის შეყვანაც შეგიძლიათ და მაიას ტომების დროინდელი თქვენი სახელის ამობეჭდვა. „დიადი იაგუარი“ ნათქვამია ამ ფურცელზე, რომელიც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ამობეჭდა.

გჯერათ, რომ აპოკალიფსი გვიახლოვდება? - ვეკითხებით გამოფენის სტუმრებს. "შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არა", ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი. "არა, კალენდრის ციკლი სრულდება, მაგრამ არა - სიცოცხლე" - ეს მის გვერდით მდგომი მამაკაცია.

უახლესი გამოკითხვებით, 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრულის ამერიკელთა მხოლოდ 2 პროცენტს ეშინია. მათ კი, ვისაც არ სჯერა, გამოფენის ნახვა 13 იანვრამდეც შეუძლია.