პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად, ნახევარი მილიარდი დოლარი შეგროვდა

ხანძარი სავარაუდოდ, შემთხვევით გაჩნდა - თქვეს ამ დილით ფრანგმა გამომძიებლებმა, მას შემდეგ რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეებმა ცეცხლის ბოლო კერებიც ჩააქრეს. გუშინ, პარიზის ცენტრში მდებარე საფრანგეთის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს, მის ეროვნულ სიმბოლოს და მოქმედ საკათედრო ტაძარს, ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე 400-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებიც 14 საათის მანძილზე შეუსვენებლად მუშაობდნენ. მათ 800-წლიანი ისტორიის მქონე ტაძრის და მასში დაცული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ნაწილის გადარჩენა შესძლეს, თუმცა სახურავი და მე-12 საუკუნის ხის ქონგური მთლიანად დაიწვა, დაზიანდა შენობის ინტერიერიც. ზარალი "კოლოსალურია" - აცხადებენ პარიზის მერიის წარმომადგენლები. მომხდარში 2 პოლიციელი და 1 მეხანძრე დაშავდნენ.

ფრანგმა მილიარდერებმა ტაძრის აღსადგენად რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. შემოწირულობებს როგორც ორგანიზაციები, ასევე რიგითი მოსახლეობაც გაიღებს. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის ფონდისთვის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გროვდება.