კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 350 000-ს გადააჭარბა

ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 35 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მოიცავს კოლუმბიის ოლქს, აშშ-ის 50-ვე შტატს და ამერიკის ტერიტორიებს.

ამ ფონზე, ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქში საავადმყოფოებს, მხოლოდ ერთი კვირის მარაგი აქვს. ნიუ-იორკის შტატში, ამ დროისთვის ინფიცირების 15 000-ზე მეტი და გარდაცვალების 122 შემთხვევა ფიქსირდება.

ინფიცირების შემთხვევები 1000-ს აღემატება ნიუ-ჯერსის, კალიფორნიის, ვაშინგტონის, ილინოისის, მიჩიგანისა და ფლორიდის შტატებში. ამ შტატებში, ჯამში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, თუმცა, პარალერულად, თითოეული შტატი ადგილზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს ზომებს.

დღეს მასაჩუსეტსის გუბერნატორის განცხადებით, შტატში მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, ბენზინ-გასამართი სადგურები, აფთიაქები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გუბერნატორი მოუწოდებს მოქალაქეებს, შინ დარჩნენ, თუმცა მასაჩუსეტსის შემთხვევაში, ზოგიერთი შტატისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა განკარგულება.