გარდაიცვალა მარგარეტ ტეტჩერი

ექსპრემიერი დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერი იყო. 11 წლის მანძილზე მან ბრიტანული პოლიტიკის სახე შეცვალა
„რკინის ლედის“ სახელით ცნობილი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი პირველი ქალი გახლდათ, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი პოსტი დაიკავა. მმართველობის 11 წლის მანძილზე მარგარეტ ტეტჩერი ღირსებით, თავდაჭერილობით და გულახდილობით გამოირჩეოდა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში ექსპრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურში საკუთარ ყველაზე დიდ დამსახურებად ბრიტანული პოლიტიკის კურსის შეცვლა მიაჩნია ზომიერი სოციალიზმიდან თავისუფალი ბაზრის მქონე საზოგადოებისკენ. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს შეძლო დიდი ბრიტანეთის მიმართ საერთაშორისო პატივისცემის განმტკიცება, რაც დამოუკიდებლობის და თავისუფლებების პრინციპების მხარდაჭერამ განაპირობა. იმავე ინტერვიუში ტეტჩერი 1982 წლის კრიზისს იგონებს. მაშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა არგენტინის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ ფოლკლენდის კუნძულებზე შეიარაღებული ძალების გაგზავნა გადაწყვიტა.

Your browser doesn’t support HTML5

მარგარეტ ტეტჩერი


„ხალხმა იცოდა, რომ ჩვენ აგრესორს არ დავუთმობდით და მის დაშოშმინებას არ შევეცდებოდით. ასე რომ ფოლკლენდისკენ დავიძარით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღია აგრესიას საკადრისი პასუხი გავეცით. დიდმა ბრიტანეთმა დიადი ქვეყნის სახელი დაიბრუნა. მართალია, შედარებით მცირე ტერიტორიებით, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ იმპერია აღარ ვიყავით და რეპუტაციასთან ერთად საკუთარი თავის პატივისცემაც დაგვიბრუნდა“ - აღნიშნა ექსპრემიერმა.

იგივე ითქმის 1990 წელზე, როდესაც ტეტჩერი შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გვერდში დაუდგა და ერაყის მიერ კუვეიტში შეჭრა დაგმო. მან დაუყოვნებლივი სამხედრო ჩარევისკენ მოუწოდა, თუკი ეს ერაყის ლიდერ, სადამ ჰუსეინის შესაჩერებლად საჭირო გახდებოდა.

მარგარეტი საშუალო კლასის ოჯახში იზრდებოდა. მამა მცხობელი ჰყავდა. სპეციალობად ახალგაზრდობაში ქიმიკოსობა აირჩია, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი საქმე მხოლოდ პოლიტიკა იყო. 70-იან წლებში ქვეყნის განათლების მინისტრი გახდა და კონსერვატორულ პარტიაში გაწევრიანდა. ყველას ყურადღება 1975 წელს მიიქცია, როცა ის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი გახდა.

პრემიერად მარგარეტ ტეტჩერი პირველად 1979 წელს აირჩიეს. თავიდან დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და მაშინ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების სისწორე დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტეტჩერმა შეასუსტა პროფკავშირები, შეამცირა საჯარო დანახარჯები, სახელმწიფო ორგანიზაციების პრივატიზება მოახდინა და ცენტრისტული კონსერვატიული პარტია უკიდურესად მემარჯვენე გახადა.

ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისადმი ტეტჩერი დიდი სიმპათიებით არ გამოირჩეოდა და აცხადებდა, რომ მასში გაწევრიანება ქვეყნის სუვერენიტეტს დიდ ზიანს მიაყენებდა.

„ზუსტად იმ ტიპის ლიდერი ვერ გეყოლება, როგორიც გინდა. იმ ლიდერებში გიწევს არჩევა, ვისაც გთავაზობენ. ეჭვგარეშეა, რომ უამრავი ადამიანი იყო, ვისთვისაც მე იდეალურ ლიდერს არ განვასახიერებდი. განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ევროპაში მეტი ინტეგრირების მომხრე იყო“ - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა.

კარიერის დასაწყისში მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, ტეტჩერმა კიდევ ორი არჩევნები მოიგო. თუმცა, მის უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკას უარყოფით კონტექსტში დღემდე მოიხსენიებენ და კრიტიკოსებს შორის ბევრი საკუთარი პარტიიდანაც ჰყავს. მოგვიანებით მარგარეტ ტეტჩერს ბარონესას ტიტული მიანიჭეს და ის ლორდთა პალატის წევრი გახდა.

თავად ექსპრემიერი კონსერვატორული პარტიის პოპულარობის დაკარგვას ახალ ლიდერებს აბრალებდა, რომელთაც პარტიის მთავარ პრინციპებს უღალატეს. სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ყველაზე უკეთ სახელმწიფოში თავისუფალი მეწარმეობის პრინციპი მუშაობს, და არა - დიდი ზომის მთავრობა. ერთ-ერთ გამოსვლაში კონსერვატორული პარტიის ახალ ლიდერს, ჯონ მეიერს საინტერესო რჩევა მისცა:

ძალაუფლება ნებით არასოდეს დათმო. თუკი გჯერა საკუთარი გზავნილის და გამარჯვება გადაწყვიტე, გახსოვდეს, რომ შენი გზავნილი მხოლოდ შენს ხელთაა. და შენ ბევრად უფრო ეფექტურად მოახდენ მის განხორციელებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ გეთანხმებიან, მაგრამ თავად არასოდეს უფიქრიათ ამაზე“.

ბედის ირონიით კონსერვატორული პარტიის დამარცხების შემდეგ ძალაუფლებაში მშრომელთა პარტია მოვიდა, რომელმაც სოციალისტური რიტორიკა გვერდზე გადადო, ტეტჩერის სტრატეგია აიტაცა და 1997 წელს კონსერვატორები აიძულა ოპოზიციაში დაბრუნებულიყვნენ.

მარგარეტ ტეტჩერი საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის ბრძოლას სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც აგრძელებდა. ბოლომდე მონაწილეობდა პოლიტიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანიებში და არასოდეს ამბობდა უარს რჩევით, თუ ქმედებით გვერდში დადგომოდა კონსერვატორების ახალ თაობას.