პრეზიდენტმა ობამამ მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

შეერთებულ შტატებში მანდელას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნული დროშები ორშაბათამდე ნახევრად იქნება დაშვებული
მსოფლიოს ახლანდელი და ყოფილი ლიდერები ანტი-აპარტეიდის ლიდერ და სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელას იხსენებენ.
თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მანდელას გავლენიანი, მამაცი და უკიდურესად კარგი ადამიანი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მანდელა მისი შთაგონების წყარო იყო და რომ თავისუფალი და მშვიდობიანი სამხრეთ აფრიკა ნელსონ მანდელას ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა.

„ნელსონ მანდელა იდეალისთვის ცხოვრობდა და ის რეალობად აქცია. მან იმაზე მეტს მიაღწია, რასაც შეიძლება ერთი ადამიანისგან ველოდეთ. ჩვენ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მამაცი და კაგრი ადამიანი. ის ჩვენ აღარ გვეკუთვნის, ის უსასრულობის ნაწილი გახდა.“

ობამას თქმით, მილიონობით ადამიანისთვის, ისევე როგორც მისთვის მანდელას წერილები, შთაგონების წყარო იყო. ამერიკაში დროშები ორშაბათამდე ნახევრად იქნება დაშვებული. ეს ამერიკის მხრიდან უკიდურესად იშვიათი ჟესტია უცხოელი ლიდერის გარდაცვალების შემთხვევაში.

მანდელას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გაუგზავნა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას.

მანდელას გარდაცვალებას ასევე გამოეხმაურნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი, ნობელის პრემიის ლაურეატი აუნგ სან სუჩი და უამრავი სხვა ყოფილი და მიმდინარე საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.