მანდელას დაკრძალვის ცერემონიალი

ბარაკ ობამა: ნელსონ მანდელამ და სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა
დღეს იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიალს 60 ათასი ადამიანი დაესწრო.
გადაუღებელმა წვიმამ ხელი ვერ შეუშალა დამსწრე საზოგადოებას აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ და მისი ღვაწლი მოეგონებინათ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მანდელას გარდაცვალებას უდიდესი დანაკლისი უწოდა:

„მანდელას სახით სამხრეთ აფრიკამ გმირი და მშობელი დაკარგა. მსოფლიოს აღარ ეყოლება გულითადი მეგობარი და აღმზრდელი. ნელსონ მანდელა ჩვენი დროის გმირი და მასწავლებელი იყო.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ნელსონ მანდელამ და სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა:

„ ნელსონ მანდელამ დაგვანახა, რომ მიუღწეველი არაფერია. სამხრეთ აფრიკის მაგალითზე მივხვდით, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. მსოფლიოს მომავალი არა განსხვავებების მიხედვით, არამედ საერთო იმედების საშუალებით უნდა განისაზღვროს. კაცობრიობას მშვიდობა,სამართლიანობა და საერთო შესაძლებლობები უნდა აერთიანებდეს.“

ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო და ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფიც დაესწრო.