საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ვიდეო კონფერენციის საშუალებით 30 მარტს რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრნენ და სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო ვაქცინების თემაც და ამ საკითხში შესაძლო თანამშრომლობა.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" რუსეთმა გასული წლის აგვისტოში პირველმა დაამტკიცა. თავიდანვე, რუსული ვაქცინის სანდოობაზე არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები შეიქმნა, რადგან ის დაარეგისტრირეს მანამ, სანამ მესამე ფაზის კვლევებით მისი ეფექტურობა შემოწმდებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ, ცნობილმა დასავლურმა სამედიცინო ჟურნალმა "ლანცეტმა" რუსული ვაქცინის 96%-იანი ეფექტურობა დაადასტურა.
სამი ქვეყნის ლიდერმა განიხილა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მდგომარეობაც. გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა პუტინს მოუწოდეს პატივი სცეს დაკავებულის უფლებებს და მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
განხილული იყო მდგომარეობა უკრაინაში, ბელარუსში, ლიბიასა და სირიაში. ასევე, საუბარი შეეხო ძალისხმევის კოორდინირებას, რათა ირანი დაუბრუნდეს საერთაშორისო ვალდებულებებს - როგორც აღინიშნა საფრანგეთის მთავრობის განცხადებაში.
კრემლმა დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო რუსული ვაქცინის რეგისტრაციის თემას ევროკავშირში, ასევე მის შესაძლო მიწოდებასა და ერთობლივ წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებში.